"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი "ნიუპოსტთან" გიგი უგულავას წერილს გამოეხმაურა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი სწორი ანალიზის შემეგ უნდა მოხდეს. ამასთან ენმ-ს წევრის თქმით, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ არჩევნების შედეგზე გადამწყვეტი როლი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა ითამაშა.
გიგი წერეთელი საქართველოს მესამე პრეზიდენტს პარტიის მთავარ მოტივატორს უწოდებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ უგულავას დანახულ პრობლემაზე მსჯელობა აუცილებელია.
"არ შემიძლია იმის თქმა, რომ ვინმეს განცხადებებმა ითამაშა გადამწყვეტი, როლი იმაში რაც არჩევნებზე დადგა. ეს შეფასებები კონტრვერსიულია, ვიღაცა ერთი მიმართულებით აღიქვამს ამ საკითხს, მეორე სხვა მიმართულებით. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ არავინ არაფერს არ აბრალებს, ყოველშემთხვევაში ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ჩვენ ვიცით, და კიდევ უფრო ჩამოვყალიბდებით იმაზე თუ რას უნდა დავაბრალოთ არჩევნებზე წაგება, ეს ყველაფერი ნათელია: ხელისუფლებამ უპრეცენდენტოდ დიდი რაოდებობის ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, ჩვენს წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, მათ შორის ძალიან დიდი ფინანსები - დღეს ეს არის მთავარი და არა ის თუ ვინ რა განცხადებებს აკეთებს"- განუცხადა "ნიუპოსტს" გიგი წერეთელმა.
კითხვაზე ვის რა როლი უნდა ჰქონდეს პარტიაში, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ანალიზისა და კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს.
"მიშა სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი და ლიდერია რეალობას ვერ შევცვლით, ის სამშობლოში ხელისუფლების რეპრესიების გამო ვერ ჩამოდის და შესაბამისად პრაქტიკულად ვერ იღებს პარტიის მართვაში მონაწილეობას. ეს მე მგონია საზოგადოებისთვის სიურპრიზი არ არის. 4 წლის განმავლობაში ჩვენ პარტიას პოლიტიკური საბჭოს ფორმატში ვმართავთ, რომელსაც დავით ბაქრაძე მართავს. გიგის დანახული პრობლემატიკა რა თქმა უნდა ყურადსაღებია, თუმცა ისიც ნათელია, რომ ვერც გიგი მართავს თბილისის ორგანიზაციას. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები, თითქოს ვიღაცას ჩამოშორება უნდა ნაციონალური მოძრაობიდან, მაგალითად სააკაშვილის ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ პარტიის მოტივატორი ყოველთვის მიშა სააკაშვილი იყო, ამაზე დიდი დავა არავის არ აქვს. გასაგებია, რომ დღეს შექმნილ ვითარებაში ძალიან ბევრი ადამიანი შეეცდება ჩაერიოს და ამის მექანიზმი დღეს ხელისუფლებას აქვს, უშიშროება ყველა ეპოქაში მუშაობს იმაზე რომ რაღაცა დაამძიმოს და ახალი ნარატივები შექმნას, ორი დღის წინ რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა, რომ თურმე მე და დავით ბაქრაძე ნაციონალურ მოძრაობას ვტოვებთ. მგვარი ინსინუაციები ბევრი იქნება, თუმცა უმჯობესი იქნება დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არჩევნები იმაზე ცუდად ჩატარდა ვიდრე ეს დასკვნებში წერია, მთავარია ის მასშტაბი რა მასშტაბითაც მუშაობდა სახელმწიფო მანქანა, რაც საბოლოო ჯამში, არა "ნაციონალურ მოძრაობას" არამედ ქვეყანას აზიანებს"- თქვა "ნიუპოსტთან" გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






