საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში არსებულ დარღვევებზე საუბრობს 37-ე მცხეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული დეპუპატობის კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის შტაბი და აცხადებს, რომ ბევრ უბანში საარჩევნო პროცედურები და კერძოდ ხმის დათვლა უხეში დარღვევებით ჩატარდა.
ვიდეოში, რომელიც ,,ნიუპოსტს" მიაწოდეს, ასახულია 14-ე უბანზე ბიულეტენების დათვლის კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ ეს პროცესი "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის უხეში დარღვევით მიმდინარეობს - ბიულეტენებს ითვლიან არა სპეციალურად არჩეული მთვლელები, არამედ კომისიის თითქმის ყველა წევრი.
შეგახსენებთ, მეორე ტურის შედეგების თანახმად, ცეზარ ჩოჩელს კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძემ 60 ხმით მოუგო. ჩოჩელის საარჩევნო შტაბს მსგავსი დარღვევების შესახებ რამდენიმე სარჩელი სასამართლოში აქვს წარდგენილი და აცხადებენ, რომ თუ ეს სარჩელები დაკმაყოფილდა, არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ მათი კანდიდასტი გამოცხადდება.
მუხლი 69. ხმის დათვლა
1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით: http://www.matsne.gov.ge 01019002004001016032
ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო-საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
მასალის გამოყენების პირობები






