საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„2012 წელს მე გადავეცი ხელისუფლება მშვიდობიანად. არა იმიტომ, რომ ძლიერები არ ვიყავით, არა იმიტომ, რომ არ შეგვეძლო სიტუაციის დაჭერა, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ჩემს ხალხს და ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. იგივეს გაკეთება მოუხდება ივანიშვილს, ვინაიდან ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ახლა ხშირად ამბობენ, რომ უცხოელებმა რატომ არ ამოიღეს მეტად ხმა. ჩვენს მაგივრად ხმას არავინ ამოიღებს. 2003 წელს იყო ბევრი უცხოელი, რომელიც მომიწოდებდა, რომ მეღიარებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. ყველა მხრიდან მივლიდნენ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და მას შემდეგ, რაც ხალხი მობილიზდა, მათმა უმეტესობამ ასევე შეიცვალა აზრი და დაგვიჭირა მხარი. აქ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ წავაგეთ არჩევნები, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავუშვით, რომ ივანიშვილმა გააუქმა არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში. 2003 წელს ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო მეტად მომზადებულები, რადგან ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ, თავზე მოხვეულ რეალობას შევეგუოთ. პირიქით, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება გადაჯგუფება, რეორგანიზება და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩართვა. მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით, ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე იყო მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ის ციფრები, რომლებიც დაიხატა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ, საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, დემოკრატიის შემდგომი წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო ისევ დავუბრუნოთ დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და მეც ამ ბრძოლისთვის მზად ვარ“,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნავს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






