თამარ კორძაია პარტიიდან დავით უსუფაშვილის წასვლის მიზეზად პარტიის განვითარების განსხვავებულ ხედვას ასახელებს. იგივე მოტივით ხსნის კორძაია „რესპუბლიკელების“ დატოვებას სხვა წევრების მხრიდანაც.
“ჩვენ განსხვავებული პოზიციები გაგვიჩნდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინვე გვსურდა ოპოზიციაში გადასვლა, თუმცა, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობასთან ერთად მოახერხა, რომ პარტია არსებულ პოზიციაზე დარჩენილიყო. ჩვენ განსხვავებული ხედვები გვქონდა აგრეთვე მინისტრების არჩევის დროსაც და მაშინაც გვსურდა ოპოზიციაში გადასვლა, თუმცა ეს არც მაშინ გამოვიდა.
დავით უსუფაშვილს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს სხვა პოლიტიკური ხედვა. „პარტიიდან ბევრი წავიდა, მაგრამ დარჩენილების სიაც არაა ცოტა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კორძაია ამ ეტაპზე უსუფაშვილის შემდეგ მხოლოდ საყვარელიძის და შერგელაშვილის წასვლის ფაქტს ადასტურებს. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თვლის, რომ პარტიას დღეს კრიზისი აქვს.
“მე ამჟამად მხოლოდ შერგელაშვილის და საყვარელიძის განცხადება მაქვს ნანახი წასვლის შესახებ, ზაქარეიშვილი გაცილებით ადრე წავიდა პარტიიდან. დიახ, ჩვენ შევეჯახეთ დიდ აისბერგს, მაგრამ ბორტზე მყოფი ადამიანები არ დამხრჩვალან და ნავში არიან. იმედი მაქვს, ახალი ძალებით შევძლებთ პარტიის გადარჩენას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






