როგორი იქნება კაბინეტი? ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პორტფელს და ვინ იქნება პრემიერ კვირიკაშვილის ახალი აღმოჩენა? მმართველი ძალა ჯერ კონკრეტიკისგან თავს იკავებს. პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ საკითხზე „იმედთან“ საკმაოდ ფრთხილად ისაუბრა. მან მხოლოდ მიანიშნა, რომ განახლება აუცილებლად მოხდება:
„რა თქმა უნდა, საბოლოო კონსულტაციები ამაზე გაიმართება იმ უმრავლესობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება და ჩამოყალიბდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები მინდა, რომ არ გავაკეთოთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები. გვინდა, კიდევ უფრო მეტი სიჩქარე ავკრიფოთ და ასეთი ტიპის ცვლილებები, როგორც წესი, სიჩქარეებს აგდებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში შიგნით მოხდება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ ძალიან კონსერვატიული მიდგომა იქნება. დიასპორის სამინისტრო, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება და თვითონ სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან ეს კონსულტაციები უკვე გამართულია. მათ შორის მინისტრობის ახალ კანდიდატებთან წინასწარი საუბარი უკვე გავმართე. მინისტრთა ახალი კაბინეტი ძალიან დინამიკური იქნება, ძალიან მაღალ სიჩქარეს ავიღებთ იმისთვის, რომ ის ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელზეც ვსაუბრობდით, შესრულდეს და ოთხი წლისთავზე მივიღოთ თვისობრივად და ხარისხობრივად განსხვავებული ქვეყანა. ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი, ის რამდენიმე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. დაახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით განხორციელდება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვერ ასრულებს სამუშაოს“.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, იგეგმება ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრების შეცვლა. ნოდარ ხადური უკვე დიდი ხანია, კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ის ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. სკანდალებში არ იყო გახვეული, თუმცა, ოპოზიციის სამიზნე ყოველთვის გახლდათ.
რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილს, მან ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი მოგვიანებით დაიკავა. ამ თანამდებობაზე მან დავით შავლიაშვილი 2015 წელს შეცვალა, მანამდე ცოტა ხნით მის მოადგილედ იმუშავა. ცვლილება პრემიერ ღარიბაშვილის დროს განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შავლიაშვილს თანამდებობიდან გადადგომა ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში სურდა, როდესაც მას უთხრა, რომ თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოსტზე მუშაობა არ შეეძლო. ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ სწორედ დეკემბერში დაინიშნა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ჩაიბარებს.
წყარო: "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






