ფრიდონ საყვარელიძის თქმით პარტიიდან მისი წასვლა დავით უსუფაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირდება და მან პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო. „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი არც წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
საყვარელიძისგან განსხვავებით პარტიის წევრებს შორის წინააღმდეგობების არსებობის ფაქტს ადასტურებს თენგიზ შერგელაშვილი. მისი თქმით წამოსვლის მიზეზი გახდა ის, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები და განცხადებები არ შეესაბამებოდა მის პოზიციასა და მოსაზრებებს:
„არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები, ერთი მხრივ იმ მიდგომაზე, რომ დაბალანსებული უნდა ყოფილიყო პოლიტიკა, უფრო მეტად პოზიტივზე ორიენტირებული - ამ პოზიციის გამტარებლად დავით უსუფაშვილი მოიაზრებოდა. მეორე პოზიცია უფრო სხვა რამეს გულისხმობდა. მე ვფიქრობ, რომ მეორე მხარის პოზიცია, დღეს მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტს არ შეესაბამებოდა და არ იყო ადეკვატური. უფრო ზუსტად, ვგულისხმობ ტაქტიკას, ოპონირების ტონალობასა და ა.შ.“ - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
როგორც აღმოჩნდა „რესპუბლიკური პარტია“ უკვე რამდენიმე თვის დატოვებული აქვს პაატა ზაქარეიშვილს, მან პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ აღებულმა კურსმა პარტია მარცხამდე მიიყვანა.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ არის შიდა დემოკრატია. ჩემი პოზიცია პარტიის კურსთან დაკავშირებით, აღმოჩნდა უმცირესობაში. თავდაპირველად, ჩავთვალე, რომ ისინი იყვნენ მართალი, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ მე ვყოფილვარ მართალი. მათმა პოზიციამ პარტია მარცხამდე კიარა, კრახამდე მიიყვანა. მე არ მეყო მეტი მოთმინება და მონდომება, შეიძლება გავლენაც, რომ ჩემი გამეტანა, ვერ დავაჯერე სხვები და ვერ ვაქციე ჩემი პოზიცია უმრავლესობის პოზიციად. ვინც დარჩა პარტიაში, ძალიან ძვირფასი მეგობრები არიან ჩემთვის და წარმატებას ვუსურვებ“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
აღნიშნული წევრების მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებას ადასტურებს პარტიის თავმჯდომარე. როგორც ხათუნა სამნიძემ აცხადებს, ვერ დაადასტურებს, დატოვეს თუ არა პარტია ვახტანგ ხმალაძემ და თინათინ ხიდაშელმა, ვინაიდან, ოფიციალური განცხადებები მათგან არ მიუღია.
შეგახსენებთ, გუშინ რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან პარტიიდან წასვლის მიზეზად „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა დაასახელა, მისი თქმით მას და პარტიის სხვა ლიდერებს მომავლის სხვადასხვა ხედვა აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






