“ მე მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, რომელიც ხშირად იყო დამახინჯებული. უბრალოდ ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. რაშია განსხვავება მაშინ ჩვენს პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციას შორის, რომლებიც ამ საკითხის ასე ვთქვათ, აქტუალიზაციას და აჟიტირებას ახდენენ, . ვფიქრობ, დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგნი ვართ. არცერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, მაშინ რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი? ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაში სჭირდებათ ის საქართველო, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები, სწორედ ასეთი საქართველო სჭირდება ევროპას, ასეთი საქართველოა ღირებული ევროპისთვის. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, ვფიქრობ, საერთოდ ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ გვეჩვენებინა, მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ძვირფასია ტრადიციული ფასეულობები, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას. ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სწორედ ამიტომ იქნა მიღებული საქართველოში, რომ ყველა უმცირესობის უფლებებს ვიცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაცულ კანონმდებლობასთან. ეს ძალიან დიდი განმასხვავებელია. ჩვენ ვართ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე ისე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი ამას არ მიადგეს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






