"ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს, მისი ძალისხმევის მხარდამჭერი"- ჰერმანი
პოლიტიკა - 14:51, 28 Oct, 2016     1144
ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს, მისი ძალისხმევის მხარდამჭერი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკავშირმა, 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე, საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა - საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საჯარო მმართველობა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხერხემალი, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის ნდობა საჯარო უწყებებისადმი. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამა დაეხმარება საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებაში.

„საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქარველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეს რეფორმა არის ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების 25 პროცენტი. რეფორმების მხარდაჭერის ფარგლებში, დღეს გამოვაცხადეთ 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის კონტრიბუცია არის, როგორც ფინანსური - ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური, ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით ,“ - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებისთვის გამოჩენილი ძალისხმევისა და ევროკავშირთან წარმატებული დიალოგისთვის.

„ნება მიბოძეთ, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი თქვენი განსაკუთრებული ყურადღებისთვის. მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. ამ პროგრამის მზადების მთელი პროცესი ასახავდა ჩვენს შორის პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამის განხორციელების მთელი პროცესი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნა ჰერმანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში ევროკავშირის დახმარება ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან გაწეულ დიდ მხარდაჭერად შეაფასა და თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ ელჩს, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის. ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტიურად გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია. მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს რეფორმირებაში აქტიურად გვიჭერს მხარს, იქნება ეს საქართველოში მოქმედი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ჩვენი არასამთავრობო სექტორი,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეფორმა, რომელიც საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელდება, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით. მისივე განმარტებით, მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამავე დროს, არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება.

„საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებასა და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების დანერგვას. ასევე, რეფორმის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვისა და ღია მმართველობის კუთხით, კიდევ უფრო მეტი წინსვლა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, თანამედროვე სახელმწიფო სერვისების განვითარება. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე შევძელით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა. შევიმუშავეთ ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც პარლამენტმა შარშან ოქტომბერში დაამტკიცა. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია. ჩვენ ვმუშაობთ შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავებაზე იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, ელექტრონული მმართველობა და სხვა მიმართულებები,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა საჯარო მმართველობის სფეროში კიდევ უფრო გააღრმავებს მჭიდრო ურთიერთობებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში.

საჯარო მმართველობის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულია 30 მლნ ევროს ღირებულების საბიუჯეტო და ექსპერტული დახმარება.

საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, 2014 წლიდან ხორციელდება და გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, პასუხისმგებელი და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნასა და განვითარებას გულისხმობს.

საჯარო მმართველობის რეფორმა აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია; ადამიანური რესურსების მართვა ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42