„კიდევ ერთხელ შეშფოთებით ვეხმაურებით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ და მსგავსად დომინანტი რეიგიური ჯგუფისა, მისცეს მას რელიგიური რიტუალების ღირსეულ და ადეკვატურ პირობებში შესრულების შესაძლებლობა.
მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფოს უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, შესაძლოა, დაპირისპირებების ახალი კერები გააჩინოს დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის.
2016 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლები სოფელ მოხეში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მუსლიმი თემის წევრებს, რომლებიც მათივე განცხადებით, ყოფილი მეჩეთის შენობის წარმომავლობის დროულ დადგენას ითხოვენ.
ის, რომ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა და მუსლიმებისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება (ან უარი) აშკარა დისკრიმინაციული მიდგომის შედეგია, თვალნათლივ ჩანს იმ გარემოებითაც, რომ სადავო შენობიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, 2009 წელს, უფასო უზუფრუქტის უფლებით, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ძველი პანსიონატის შენობა (საკადასტრო კოდი N61.01.21.001), ხოლო 2014 წელს იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 61.01.21.050), რომელზეც დღესდღეობით მართლმადიდებელი ეკლესიის შენობაა განთავსებული, 1 ლარად მიყიდა.
მიგვაჩნია, რომ რეგიონში სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოხატულებაა იმ პირთა წახალისება და დაწინაურებაც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მუსლიმთა მიმართ აგრესიაში. მაგალითად, სოფელ ჭელაში სახელმწიფოს მიერ მინარეთის მოჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს მუსლიმთა წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე ამჟამად სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია, ხოლო სამართალდამცავი გელა კოხოძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჭელასა და მოხეს მოვლენების დროს მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული უპატივცემულობით გამოირჩეოდა, 2015 წელს პოლიციის მოხეს განყოფილების უფროსად დანიშნეს.“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






