საქართველოში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო იმყოფება. იგი თბილისში არაოფიცილური ვიზიტით, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას იუშენკომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ამ ორ ქვეყანას შორის ფაქტობრივად არავითარი ურთიერთობა აღარ არსებობს:
„რა თქმა უნდა ეს არის არაოფიციალური ოჯახური ვიზიტი, ჩემთვის რთულია კომენტარი გავაკეთო ისეთ საკითხებზე, რომლის შესახებაც ყველაფერი არ ვიცი.
ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ. ჩემი აზრით არ არსებობს ორმხრივი გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს, ხვალ როგორი უნდა იყოს განვითარება და ეს მტკივნეულია, ვფიქრობ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი თავად გაერკვევა იმ კოლოსალურ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ერისთვის აქვს გაკეთებული. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება და როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ, დღის წესრიგში ისევ დადგება ის საკითხები, რომლებსიც აკლია ახლა ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას, ეს არის ძლიერი, განვითარებადი და მუდმივი კავშირები, კონსოლიდირება რეგიონალურ და ევროპულ დონეზე. ვფიქრობ, უფრო პროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო და სიმეტრიული გახდებოდა“, - განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის ენდობოდა ქართველ ერს და შესაბამისად, ხალხის არჩევანს პატივს სცემს:
„ყოველთვის ვენდობოდი ქართველ ხალხს, ეს მისი არჩევანია და როგორ უნდა შევაფასო? მე პატივს ვცემ ხალხის არჩევანს, ამ არჩევნებიდან ჩემთვის საინტერესოა ის, რომ ქართველები, როგორც ერი იმყოფებიან შიდა პოზიტიურ ლაპარაკში, რომ მას არ ჰყოფს პოლიტიკა და იდეოლოგიები. მინდა საქართველოში ოფიცილური ვიზიტითაც ჩამოვიდე. რაც შეეხება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას, მიჭირს კომენტარის გაკეთება, ეს კითხვა თვითონ მიშას დაუსვით და აუცილებლად გიპასუხებთ“, - აღნიშნა ვიქტორ იუშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






