ის ტერმინოლოგია, რასაც ვისმენთ არის ცივი ომის ტერმინოლოგია - ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბათუ ქუთელია, ნატო-ს გენერალური დირექტორის განცხადებებსა და საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების დამოკიდებულებაზე, არსებულ პრობლემებზე საუბრობს. კომენტარები ქუთელია „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა:
„მსოფლიოში დღეს ახალი უსაფრთხოების გარემო ყალიბდება, ის ტერმინოლოგია, რასაც ვისმენთ, არის ცივი ომის ტერმინოლოგია, შესაძლოა ამის აღიარება ბევრს არ უნდოდეს, ნატო-ს გენერალური მდივანიც შეეცადა, რომ არ გვინდა ცივი ომი, შესაბამისად ჩვენ ვართ იმ მიჯნაზე, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი უსაფრთხოების გარემო. ცივი ომის ერთ-ერთი დამახასიათებელი კომპონენტი არის ის, რომ მისი ფრონტები გახსნილია გეოგრაფიულად სხვადასხვა წერტილებში. არ არსებობს რაღაც ერთი გამყოფი საზღვარი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. სწორედ კონფლიქტი სირიაში, საქართველოდან დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გადახედვა თავის უახლოეს სამეზობლოში, აგრესიული რევანშიზმი, იგივე ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე რუსეთის ამბიციების გაცხადება, ეს ყველაფერი ერთად რომ ავკინძოთ, მივხვდებით, რომ რუსეთი დაადგა აგრესიული რევანშიზმის გზას, აქედან გამომდინარე ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც სჭირდება აბსოლუტურად ახალი პასუხები და სირია არის ყველაზე კარგი დემონსტრირება იმისა, რომ სამწუხაროდ 8 წელი დაჭირდა იმის გააზრებას, რომ რუსეთი აქეთ მიდიოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველი სიმპტომები ჩვენთვის სამწუხაროდ იყო 2008 წლის ომის შედეგებს ვგულისხმობ, სუვერნული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირებას და შემდეგ უკვე ეს შლეიფის სახით გაიშალა უკრაინაში, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში, რუსეთი მუდმივად ცდილობდა ერთ დროს პოსტ მეორე მსოფიო ომისეულ, პოსტ ცივი ომისეულ წითელი ხაზების გადახედვას, იმიტომ, რომ დაეკმაყოფილებინა თავისი ახალი რევანშისტული ამბიციები“, - განაცხადა ქუთელიამ.
ქუთელიას განცხადებით, არსებობს პოტენციური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ შემდგომი აგრესია განახორციელოს:
„ამ ორგანიზაციის დიდი წილი ემსახურება სამხედრო დაგეგმარებას. სამხედრო დაგეგმარების მთავარი ქვაკუთხედი არის საფრთხეების შეფასება სამხედრო და პოლიტიკური კუთხით. ამ საფრთხეების შეფასება ემსახურება იმ რეალურ მდგომარეობას, რაც არსებობს სხვადასხვა პოტენციურ საომარ თეატრებში, ამ შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით რუსეთს უკვე აქვს წინ გადადგმული სამხედრო ნაბიჯები, ტერიტორიის ოკუპაციას და ანექსიას ვგულისხმობ, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ პოტენციური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნების მიმართ რუსეთმა შემდგომი აგრესია განახორციელოს, არის მაღალი, რადგან ის ამითი ცდილობს თავისი პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების დაგეგმარების კუთხით, უსაფრთხოების შეფასების კუთხით, ნატო-ს აქვს ზუსტი საწყისი წერტილი, რის საფუძველზეც უნდა იყოს აგებული შემდგომი შეკავება, ეს არის გზავნილის აქართველოსთვის და უკრაინისთვის იმ კუთხით, რომ საქართველოც და უკრაინაც უკვე აქტიურად უნდა ჩაებას ამ ახალი უსაფრთხო გარემოს ფორმირებაში, ეს არის ბურთი ჩვენს მხარეს“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.
მასალის გამოყენების პირობები






