21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მრავალი კითხვა არსებობს. თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, კითხვებზე პასუხების მიღება შეუძლებელია.
სოფელ ბოდბესთან რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „კამაზის“ მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყვა. გარდაიცვალა ერთი სამხედრო პირი, დაზიანებები კი თითქმის სრულმა უმრავლესობამ მიიღო. ავტომობილის ბორტზე 37 ჯარისკაცი იმყოფებოდა. სამინისტროს ცნობით, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
როგორც „ნიუპოსტისთვის“ არის ცნობილი, ცოცხალი სამხედრო ძალის გადაყვანას შესაბამისი ინსტრუქცია აქვს. ერთ-ერთი ძირითადი და საყურადღებო გახლავთ ის, რომ ცოცხალი ძალის გადაყვანისას, ავტომობილს, რომლეშიც სამხედროები იმყოფებიან, სამხედრო პოლიციის ესკორტი უნდა მიაცილებდეს.
„ნიუპოსტმა“ აღნიშნული კითხვით თავდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.
მომხდარიდან რამდენიმე საათში თვითმხილველმა რუსუდან კიკილაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტომასალა, ფოტომასალაზე ასახულია (მხოლოდ ერთი რაკურსით) მომხდარის შედეგად დაშავებული სამხედროები. თუმცა, ამ რაკურსით გადაღებულ ფოტოებზე სამხედრო პოლიციის ავტომობილები არ ჩანს.
რას იტყვის გამოძიება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ? დაირღვა თუ არა მკაცრად გაწერილი ინსტრუქცია ცოცხალი სამხედრო ძალის გადაყვანის შესახებ? რა გახდა მომხდარის გამომწვევი მიზეზი? მივა თუ არა გამოძიება ბოლომდე, თუ იქნება ზღვაში დაკარგული სამხედროების საქმის მსგავსად დროში გაწელილი? არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს!
მასალის გამოყენების პირობები






