ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ, „შემდგომი გადავადებების გარეშე" ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს.
შესაბამისი წერილი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს გაუგზავნა.
წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის გადადების რეალური მიზეზი არ არსებობს, ვინაიდან ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ორივე, თანხმდება, რომ ქვეყანამ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.
ევროპარლამენტის დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სამმხრივი მოლაპარაკებები იქამდე არ დაიწყება, ვიდრე ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესებაზე ევროპარლამენტთან შეთანხმება არ მოხდება.
„ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია მიიღოს სარგებელი ვიზალიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა სწორედ ასეთია“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა, თავის მიმართვაში აღნიშნა ევროკავშირმა დაპირებები უნდა შეასრულოს. „ეს საკითხი აღარ უნდა გადავადდეს" - აცხადებს მარია გაბრიელი .
მასალის გამოყენების პირობები






