საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. პრემიერის თქმით, მომხდარი სამწუხარო ინციდენტია:
„მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს აქვთ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






