30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50 ოლქში იმართება, აქედან 21-ში თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები კომისიის წევრებს შორის აღარ იქნებიან. პარტიის ცენტრალური ოფისიდან საოლქო-საარჩევნო კომისიებში წევრების გამოწვევის შესახებ წერილი დღეს გაიგზავნა .
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე გვქონდა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს 1 200 უბანთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასწრაფო რეაგირება მოვახდინოთ იმ უბნებზე სადაც მეორე ტური იმართება. პრევენციისთვის გადავწყვიტეთ, რომ იქ სადაც უსინდისოდ იყო გამოყენებული ჩვენი სახელი მოვხსნათ კომისიის წევრები"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" თამარ კეკენიძემ.
მისი თქმით, კომისიებიდან გამოწვეული 385 წევრი "პარტიის წევრი იყო".
"ძირითადად ეს ადამიანები პარტიის წევრები იყვნენ. მეორე ტურის გასვლის შემდეგ ჩვენ აბსოლუტურად ყველა უბანზე ჩვენს წარმომადგენელთან გვექნება საუბარი, რომ გავარკვიოთ რეალურად რა მოხდა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" ან "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მათ პარტიის დატოვება მოუწევთ"- თქვა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
საუბნო-საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლების არასათანადო მუშაობის შესახებ განცხადება თამარ კეკენაძემ 16 ოქტომბერსაც გააკეთა, მისი თქმით პარტიის წარმომადგენლები საუბნო-საარჩევნო კომისიებში ბიულეტენებს ქართული ოცნების სასარგებლოდ განზრახ აფუჭებდნენ, რათა შემდეგ მათი გაბათილება მომხდარიყო.
მასალის გამოყენების პირობები






