"საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმების შესახებ კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტში მომზადდა და პროცესში თითქმის ყველა უწყება იყო ჩართული, განსაკუთრებით კი სასამართლო და სწორედ მათგან აქტიური კონსულტაციების შედეგად მომზადდა აღნიშნული კანონი. ჩემი აზრით, მერვე მოწვევის პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებით ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანონი მიიღო, რადგან ასეულობით ადამიანს გაუჩინა იმედი და შანსი იმისა, რომ საკუთრების დაცვას ან დაბრუნებას მხოლოდ სასამართლოს გზით შეძლებს. ამ კანონის მიღება მაშინ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თითქმის ყველა სექტორის მიერ შეფასდა ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად, რადგან საპოლიციო გამოსახლება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, ამ რეგულაციით კი ყველა მხარის ინტერესი დაცულია- განაცხადა მიროტაძემ.
როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მზად არის, იპოთეკით დაზარალებულთა საქმე თავიდან გახსნას.
"მიჩნდება ეჭვი, რომ ლობისტები, რომლებიც თავის დროზე რეგულაციის შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ, კვლავ გააქტიურდნენ. შესაძლოა, ასეულობით მოქალაქე კვლავ საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, გარდა ამისა, ეჭვქვეშ ვაყენებთ სასამართლოს რეპუტაციას, სწორედ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის ქონება და შემდეგ მოხდეს აღსრულება. საქმე ეხება ქონებას, ადამიანების ბედს და არ შეიძლება მათი ინტერესები გათვალისწინებული არ იყოს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასე დაიწყებს, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მზად არის, იპოთეკით დაზარალებულთა საქმე თავიდან გახსნას"- აღნიშნა მიროტაძემ.
შეგახსენებთ, როგორც ირაკლი წულაიამ განაცხადა, საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, რათა აღნიშნულ სიტუაციაში მაქსიმალურად იყოს დაცული ბინის მესაკუთრეთა უფლებები. ილია წულაია ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ყველა მესაკუთრისთვის საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინა ქირით აქვთ გაცემული და მათთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
მასალის გამოყენების პირობები






