ერთობლივი განცხადება პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა გააკეთეს.
პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წინ საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა უძღოდა.
ვოლსკის შეფასება ასეთია: „შეიძლება გარკვეული პერიოდის მანძილზე ადამიანი პოლიტიკური ოპონენტი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მსჯელობდეს“.
აღსანიშნავია, რომ “თავისუფალი დემოკრატებსა” და ივანიშვილის გუნდს ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. ალასანიას პარტია მერვე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” კოალიციასთან ერთად შევიდა. მეტიც, პარტიის ლიდერი 2014 წლის ნოემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა.
„ოცნებასთან“ პოლიტიკური გაყრა, მას შემდეგ მოხდა, რაც ე.წ. “კაბელების საქმეზე“ თავდაცვის 5 მაღალჩინოსანი დააკავეს. საბოლოო ჯამში ალასანია-ღარიბაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირება ალასანიას თანამდებობიდან გადააყენებით დასრულდა. მაშინ ალასანიას გუნდი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საფრთხეს უქმნიდა. მეტიც ზურა აბაშიძე მაშინ ამბობდა, რომ „აღარ ღირს მაგათთან (ქართულ ოცნებასთან) ყოფნა!“
გუშინ კი გია ვოლსკის კაბინეტიდან გამოსულმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ის ოპოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
რა შეიცვალა 2 წლის შემდეგ და რა გახდა „დიდი შერიგების“ მიზეზი - ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ „ქართული ოცნების“ ლიდერთან გია ვოლსკისთან შეეცადა.
ვოლსკის კომენტარი კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოფილი თანაგუნდელები კვლავ ერთ პლატფორმაზე აღმოჩნდნენ.
„რატომ არქმევთ ამას მოლაპარაკებას? ჩვენ დიდი ხანია ადამიანური ურთიერთობა გაგვაჩნია. პარლამენტში სავსებით ღიად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, რა მდგომარეობაა მეორე ტურთან დაკავშირებით. ეს ის ხალხია, რომლებთანაც ოპონირების რეჟიმის მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობა მაკავშირებს და ბევრი საერთო მეგობარი მყავს. თვითონვე მითხრეს გუშინ, რომ დღეს აპირებდნენ თავის შეხედულებებთან დაკავშირებით გარკვეული განცხადების გაკეთებას. არის პროცესები, რომლებიც მათ არ მოსწონთ. რაღაც საკითხებში ჩვენი ხედვა დაემთხვა" - განუცხადა "ნიუპოსტს" გია ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან თანამდებობრივ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.
"რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა. დღის წესრიგში ამდაგვარი შეთავაზება არ დგას"- თქვა ვოლსკიმ.
კითხვას, რა საერთო წერტილები იპოვა მმართველმა გუნდმა ყოფილ წევრებთან, რომლებიც თანამდებობიდან ხმაურით წავიდნენ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი "ნიუპოსტთან" შემდეგნაირად პასუხობს:
"კი, კაბელების საქმე წყალგამყოფია და სერიოზული განსხვავებები გააჩნიათ თავისუფალ დემოკრატებს, არსებულ და ყოფილ წევრებს იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რაც ამ საქმეზე პროკურატურას გააჩნია. ეს არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც მე გითხარით, რომ ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი თუ გაქვს მიმდინარე მოვლენებზე, კი არ იპოვე არამედ გაქვს შეხედულება"- თქვა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" მაშინდელი ლიდერების მიერ პროდასავლური კურსის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ვოლსკი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო კურსი სადაო არავისთვის არ არის.
"პროდასავლურობაზე და საერთოდ დასავლურ კურსზე მეტყველებს ის, ფაქტი რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ - ეს არის ევროკავშირის წევრობა და ეს არის ყველა ურთიერთობა, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. აქედან გამომდინარე, საგარეო კურსი არავისთან სადაო არ არის. პირველივე დღეს, როცა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან გავიდნენ, იყო რაღაც ნაჩქარევი განცხადებები, თუმცა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა არასდროს"- აღნიშნა დეპუტატმა.
„ნიუპოსტმა“ გია ვოლსკის "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების შესაძლო გამინისტრების შესახებაც ჰკითხა. ჩვენი კითხვა ასე ჟღერდა: "რამდენად კომფორტული იქნება ყოფილ ოპონენტებთან მუშაობა, იმ შემთხვევაში თუ ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებენ?
"ვნახე ადამიანები, შემოვიპატიჟე ჩემთან. ვისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე. არ მესმის რატომ იქმნება თემა - კომფორტული იქნება თუ არა მუშაობა? - ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. სანამ კომფორტულობაზე დავილაპარაკებთ, რაღაც საკითხი ხომ უნდა იდგეს დღის წესრიგში?!"- აღნიშნა მმართველი პარტიის ლიდერმა.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






