„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს ეხმაურებიან. ისინი ყოფილი წევრების პოზიციას ემიჯნებიან.
ნინო გოგუაძეს განცხადებით, სამწუხაროდ მისი ყოფილი თანაგუნდელები საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ და ოპოზიციაში ყოფნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰგონიათ:
„ჩვენ გუშინ ყოფილი თანაგუნდელისგან ღია განცხადება მოვისმინეთ, რომ იგი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის და ხელისუფლებაში დასაქმებისთვის. „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ პრინციპულ ოპოზიციაში წავედით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, კაბელების ბიჭების სახით, რომელსაც აქვს დამორჩილებული სასამართლო, ამ ხელისუფლებამ სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა, რომელმაც შეტევა განახორიციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ არჩევნების დამთავრების შემდეგ კიდევ ვიხილავთ ამ შეტევას, ასე რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია. ამიტომ საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გზები. გუშინ გავიგე, რომ ერთ-ერთი მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს ოპოზიციაში ყოფნას და ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა ემსახუროს. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანაპარტიელი ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და მას ოპოზიციაში ყოფნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰგონია. მათი ასეთი დამოკიდებულება, რომ ისინი თანამშრომლობას აპირებენ ხელისუფლებასთან, რომელთანაც ოპოზიციაშიც ჩვენ ერთად წამოვედით და დავტოვეთ თანამდებობები, სწპრედ იმიტომ, რომ თანამდებობა აღარ იყო ის საშუალება, რომელიც წესიერ მიზანს ემსახურებოდა, ჩემთვის რბილად რომ ვთქვა ძალიან გასაკვირია. მოსახლეობას ვაფრთხილებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე, მაგრამ არავითარ მოწოდებას არ ვაკეთებთ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






