სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე სამი უცხო პირი შეიჭრა. უცხო პირები არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. გუშაგმა უცხო პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია გარდაიცვალა, ორმა პირმა კი მიმალვა მოახერხა.
მომხდარს თავდაცვის სამინისტრო განცხადებებით გამოეხმაურა. ლევან იზორიას უწყების მეირ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასახულია მომხდარის შესახებ დეტალები.
„ნიუპოსტი“ მომხდარის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, შაშკინის განცხადებით, მომხდარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს პრობლემები აქვს, რადგან სამმა უცნობმა პირმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ობიექტზე შეღწევა შეძლო:
„ქვეყანასა და თავდაცვის სამინისტროში არის ბარდაგი. „კრწანისის“ სასწავლო ცენტრი არის ერთ-ერთი დაცული ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, იქ არის ჯავშანტექნიკა, რომელიც ეკუთვნის აშშ-ს. აქედან გამომდინარე უსაფრთხოების ზომები ამ ობიექტზე უნდა იყოს ათმაგად გაძლიერებული. ის, რაც მოხდა, ბუნებრივია მიუთითებს თავდაცვის სამინისტროს სრულ არაკომპეტენტურობაზე. კომენტარები, რომელსაც ეს უწყება აკეთებს, არის სრული ბოდვა და აბდაუბდა.
ბუნებრივია სრული ინფორმაცია არ გვექნება, მაგრამ რასაც ამბობენ, ის, რომ სამი ადამიანი თავს დაესხა ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ობიექტს საქართველოში, მათ ჰქონდათ იარაღი, ამავდროულად არ გაუსროლიათ, მაგრამ თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა, იყვნენ უშუალოდ ბაზის, ცენტრის ტერიტორიაზე, დგება მთავარი საკითხი, როგორ გაიარეს საგუშაგოები, როგორ შეაღწიეს ტერიტორიაზე? ჩვეულებრივი გამვლელი იქ ვერ შევიდოდა ვერანაირად, ტერიტორია კონტროლდება სათვალთვალო კამერებითა და საგუშაგოებით. ფაქტია, რომ ყოველგვარი თავდაცვის ზღუდე გაიარა სამმა ადამიანმა და შეაღწია ცენტრის ტერიტორიაზე და ერთ-ერთმა გუშაგმა გახსნა ცეცხლი.
უკვე არეულობა არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ობიექტზეც, რომლის დაცვაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ევალებათ. სადაც იმყოფება ჯავშანტექნიკა, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები იყენებენ იმისათვის, რომ მოემზადონ ISAF-ის მისიისთვის. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი და ამიტომაც გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განცხადება“, - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.
მისივე თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას არსებობს მკაცრად გაწერილი შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც გუშაგს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც ჰქონდა, რომ უცნობი პირები შეეჩერებინა:
"შინაგანაწესით, როდესაც უცხო პირები ბაზის დაცულ ტერიტორიაზე არიან შესულები, ბუნებრივია გუშაგს არა მხოლოდ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია, რომ ისინი გააჩეროს. დარწმუნებული ვარ ამერიკული მხარეც ჩაერთვება გამოძიებაში. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა, მიუთითებს სერიოზულ პრობლემებზე თავდაცვის სამინისტროში.
ეს ობიექტი შევარდნაძის დროს გაიხსნა, მაშინაც კი არ დაფიქსირებულა არც ერთი ასეთი შემთხვევა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელიც გამოეხმაურა და შემაშფოთებელი ფაქტი უწოდა. დიპლომატის განცხადებით, ამერიკული მხარე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს აღნიშნულ ფაქტზე.
თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 22 აპრილის ბრძანებით, სასწავლო ცენტრი კრწანისი პოლიგონის, იაღლუჯა" ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი. 2004 წლის რეფორმების შედეგად კი ცენტრს ეროვნული სტატუსი მიენიჭა.
დღეს სამხედრო ობიექტზე მომხდარ თავდასხმასთან მიმართებით სავარაუდოდ განცხადებების გაკეთებას გეგმავენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
გარდაცვლილი გიგა შენგელია ზუგდიდში გადაასვენეს. შენგელიას დედის განცხადებით, მისი შვილი თბილისში შეყვარებულის სანახავად იყო ჩამოსული. როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, მისი შვილის ბრალეულობის არ სჯერა და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






