“ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს და ერთი-ორი პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტის გუნება – განწყობაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკას. გარდა ზერელე კრიტიკისა, მათგან ოთხი წლის მანძილზე ვერანაირი საინტერესო წინადადება ვერ მოვისმინეთ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ იქნება სერიოზული წინსვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.
აბაშიძის თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობის არქონისა რუსეთთან ბიზნესურთიერთობის გაღრმავება მაინც ხდება, ამასთანავე რუსეთში სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზეც მიდის მუშაობა.
“ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება რუსი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი – დაინტერესებული არიან ჩვენთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებით. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაამარტივა. როგორც პრაღაში 19 ოქტომბერს მოვისმინეთ, ამჟამად მუშაობენ სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე“- აღნიშნა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






