„თქვენნაირ ბიჭებში არის ჩვენი ქვეყნის გამოსავალი, მე ამაყი ვარ თქვენით“ - ამ სიტყვებით ნიკა გვარამია „ნიჭიერის“ სცენაზე მდგომ პატარა გამომგონებლებს მიმართავს. ჟიურის წევრთა და დარბაზში მყოფთა აღფრთოვანება კი მათ გარდა სცენაზე გამოსულმა უამრავმა კონკურსანტმა შეძლო. წელს მაყურებელი „ნიჭიერში“ ნიჭის ნამდვილ ფეიერვერკს იხილავს.
ჭიქებით აჟღერებული კომპოზიციები, მოცეკვავე რობოტები, პატარა ილუზიონისტი, აკრობატი რეიკი და ბევრი იდუმალი სანახაობა - ეს დიდი შოუს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.
ჩაწერაზე ნანახი ნომრები, დარბაზის განწყობა და მიღებული შთაბეჭდილება, პროექტის მთავარი პროდიუსერის - გიორგი ხაბურზანიას სიტყვებს: „ყოველ წელს მუშაობს ჩვენი გუნდი იმაზე, რომ ბევრად უკეთესები ვიყოთ ვიდრე ვიყავით“ - ნამდვილად ამართლებს.
გიორგი ხაბურზანია: „დღეს უკვე მეორე დღეა კასტინგის და ეს უკვე იმაზე ბევრად მეტია რასაც ველოდით. კონკურსანტების ნომრები ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე აქამდე... როგორც ჩანს ისწავლეს ის სტანდარტი, რითიც უნდა გამოვიდნენ... გვაქვს ისეთი ნომრები, რომლებიც გასული წლის რეკორდს მოხსნის, ჩვენ არ ვჩერდებით... ყოველ წელს მუშაობს ჩვენი გუნდი იმაზე, რომ ბევრად უკეთესები ვიყოთ ვიდრე ვიყავით. არ გვინდა მოლოდინი გავუცრუოთ მაყურებელს.
ასევე ჟიურის შემადგენლობაში პირველი ლედის ყოფნამ სულ სხვა განზომილება მისცა ამ პროექტს, გაამართლა... საერთოდ ჟიურის ახალ წევრს როდესაც ხედავს კონკურსანტი ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით არის... საბოლოოდ კი ერთი სული გვაქვს როდის დავასრულებთ ამ ჩაწერებს, რომ ეთერში გავიდეს და მალე ნახოს მაყურებელმა თუ რა ხდება აქ.“

მასალის გამოყენების პირობები






