ჯიხაშკარში იმ მიზეზით, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ უბანი დაარბიეს, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. განმუხურში კი დარღვევების მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.
ზუგდიდის რაიონში, 66-ე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს. ცესკოს მონაცემებით ედიშერ თოლორაიამ ხმების 47,37% დააგროვა, სანდრა რულოვსმა კი 45, 71%.
მოლოდინი, რომელიც სანდრა რულოვსის გარდაუვალ გამარჯვებას თან ახლდა, პირველ ტურში არ გამართლდა. ,,ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რულოვსის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, ფაქტია, პარტიისთვის პოლიტიკურად სტრატეგიულ რეგიონში ლიდერ პოზიციაზე ვერ აღმოჩნდა.
მოლოდინი იმისა, რომ სანდრა რულოვსი განმეორებითი კენჭისყრის პერიოდშ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდა, არც ეს გამართლდა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა. სანდრა რულოვსი ზუგდიდში არ ჩასულა.
მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების მიღების დროს, სანდრა რულოვსის განცხადება, რომ ის პირველი ტურის შედეგების გამოცხადებას დაელოდებოდა, გარკვეულ ქვეტექსტებს შეიცავდა.
,,მე თავს ვთვლი გამარჯვებულად, მაგრამ ჯერ მაინც უნდა გაიმართოს პირველი ტური, ამის შემდეგ დავფიქრდები მეორე ტურზე“ - განაცხადა რულოვსმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.
თუ სანდრა რულოვსი პირველ ტურში გარდაუვალ გამარჯვებას გულისხმობდა, სარჩევნო ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა ორ სოფელში - განმუხურსა და ჯიხაშკარში 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ამდენად, გაუგებრია, რას ეყრდნობოდ მისი მოლოდინი პირველი ტურის შედგების გამოცხადებასთან დაკავშირებით
ჯერ წინ განმეორებითი კენჭისყრაა, სადაც საეჭვოა რულოვსის სასარგებლოდ სურათი შეიცვალოს, სავარაუდოდ კანდიდატების თანმიმდევრობა იგივე დარჩება და დიდი ალბათობით ამომრჩეველს მეორე ტურში მოუწევს საკუთარი არჩევანის ხელახლა დაფიქსირება.
რულოვსის შესაძლო გადაწყვეტილებაზე პასუხი არ აქვთ პარტიაშიც.
ლაშა დამენიასთვის უცნობია, მიიღებს თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სანდრა რულოვსი, თუ ამის აუცილებლობა დადგა. "ამაზე განცხადებას ქალბატონი სანდრა გააკეთებს. წინასწარ ვერ გეტყვით, ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი მასთან არ მქონია"- უთხრა "ნიუპოსტს" ,,ნაციონალური მოძრაობის'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
,,ნიუპოსტი“ შეეცადა ზოგადად ოპოზიციაში დ პროდასავლურ პარტიებში კონკრეტულად ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია გადაემოწმებინა.
ფაქტია, თუ პირველ ტურში, ხელისუფლების გარანტირებული ხმების წინააღმდეგ ნაციონალურ მოძრაობას პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმის საშუალება ჰქონდა, მეორე ტურის წინ, უკვე ცხადი ხდება, რომ ნაციონალურ მოძრაობას თვით პროდასავლური ოპოზიციის ცალსახა მხარდაჭერა არ ექნება. ამდენად, საიდან შეიძლება მიიღოს მან დამატებითი ხმები, გაუგებარია.
,,ნაციონალური მოძრაობის'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი აცხადებს რომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი უკონკურენტო ლიდერია, მისი დამაჯერებლად არ გამარჯვება კი ხელისუფლების რეპრესირების შედეგია. "უბნები დაარბიეს, განმუხურში კი თავმჯდომარემ უბანი საერთოდ დატოვა. 1 100 - მდე ბიულეტენი გააბათილეს და ამას ოცნება პერმანენტულად აკეთებდა. არჩევნები შევარდნაძის დროინდელი მეთოდით ჩაატარეს. როცა ყუთი ვერ დაამტვრიეს, კომისიის თავმჯდომარე ადგა მიატოვა უბანი და ჩაშალეს არჩევნები" - აღნიშნა ენმ-ს წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






