აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ქმედებები შეაფასა.
რუსთავი 2 - თან ინტერვიუში ჰეიდენი იმ რეაგირებაზეც საუბრობს, რომელიც უნდა მოახდინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის პროვოკაციულ ნაბიჯებზე.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის მომხრეა, თუმცა არ ეთანხმება დონალდ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც ამ ურთიერთობების ნორმალიზებას უპირობოდ აპირებს. გენერალმა ჰეიდენმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის შემდეგი ადმინისტრაციისთვის რუსეთი გამოწვევა იქნება.
„უამრავი გამოწვევის წინაშე დგას შეერთებული შტატები, გამოწვევაა რუსეთიც. მე არ ვიწუნებ ობამას ადმინისტრაციის მიერ ადრე წარმოებულ გადატვირთვის პოლიტიკას, ის ცდად ნამდვილად ღირდა. ახლა გამოჩნდა ბატონი ტრამპი, რომელიც, გვირჩევს გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებას რუსეთის ლიდერებთან და გვთავაზობს მოქმედების ასეთ კურსს, პირობებისა და რუსეთის საქციელის შეცვლის გარეშე. გულახდილად გითხრათ, კმაყოფილი ვიქნები რუსეთთან უკეთესი ურთიერთობით, მაგრამ საამისოდ ისინი სხვაგვარად უნდა მოიქცნენ,“ - აღნიშნა მაიკლ ჰეიდენმა.
ჰეიდენმა ასევე შეაფასა ამერიკის ადმინისტრაციის საპასუხო ნაბიჯები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მის რეაქციას დაგვიანებული უწოდა.
"ვფიქრობ, რომ ჩემი მთავრობის პასუხი რუსეთის ქმედებების სერიების მიმართ, იქნება ეს ყირიმში, დონბასში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უწყვეტი ოკუპაცია, ამერიკულ გემებთან და თვითმფრინავებთან მიახლოება, მათი ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში, დაგვიანებული და უმნიშვნელოა. არ გვიჩვენებია ჩვენი სიძლიერე, რაც აძლევს ბატონ პუტინს ყალბი თავდაჯერებულობის გრძნობას,“ - განაცხადა ჰეიდენმა.
მასალის გამოყენების პირობები






