სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატს ეეჭვება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აზრი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილ ჯგუფს ჰკითხოს.
"საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს პროცედურები, ვერც ხელოვნურად დასმული პრემიერი და ვერც ვერავინ გადააკეთებს. ის უბრალოდ დღეს ჩვეულებრივ პროცედურებს იმეორებს. აქ საუბარია როდესაც ამის გაკეთების უფლებას მოიპოვებს, მერე რას და რამდენად კითხავს, დაუჯერებს თუ არა ჯგუფს ეს არის მთავარი"- აღნიშნავს სერგო რატიანი.
მისი თქმით, თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობას აუწიოს გადასახადები, ასევე ქუთაისის პარლამენტი გადმოიტანოს თბილისში და მოხდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც, საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ის, ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია.
პრემიერის ინიციატივა დადებითად შეაფასდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
გიორგი მარგველშვილი მიესალმება კვირიკაშვილის ინიციატივას და მზადაა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.
მასალის გამოყენების პირობები






