მანამდე კი მაჟორიტარ კანდიდატებს მეორე ტურის საარჩევნო კამპანიისთვის ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩებათ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება, ხოლო 30 ოქტომბერს კი 50 ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მათგან 18 თბილისში. ცნობისათვის, პირველივე ტურში დედაქალაქში გამარჯვებული მაჟორიტარები მხოლოდ 4 ოლქში გამოვლინდა.
ამ დროისთვის განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე რეგიონზეა მიმართული, მათ შორისაა სამეგრელო, სადაც ზუგდიდის რაიონში განმეორებითი კენჭისყრა იმართება.
ცნობისათვის, განმეორებით ხმის მიცემა ზუგდიდის რაიონის სამ უბანზე - განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე გაიმართება.
ჯიხაშკარში იმ მიზეზით, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ უბანი დაარბიეს, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. განმუხურში კი დარღვევების მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.
ზუგდიდის რაიონში, 66-ე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ლიდერობენ. გაიმართება თუ არა მათ შორის მეორე ტური ეს 22 ოქტომბერს, განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ცესკოს მონაცემებით ედიშერ თოლორაიამ ხმების 47,37% დააგროვა, სანდრა რულოვსმა კი 45, 71%.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საარჩევნო კამპანიის პერიოდში აქცენტს აკეთებდა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე, რომელმაც ვერ შეუქმნა მოსახლეობას უკეთესი მომავალი, ხოლო დღეს ოპოზიციის მთავარი მესიჯია, არ მიეცეს მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შესაძლებლობა.
ქართული ოცნების კანდიდატი და სანდარა რულოვსის ოპონენტი კი ისევ ზუგდიდის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს.
რომელი იქნება ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი - სოციალური პრობლემების მოგვარების მოლოდინი თუ მესიჯი ,,არა საკონსტიტუციო უმრავლესობას“, ამას განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, მოლოდინი რომ სანდრა რულოვსი საქარველოს ყოფილი პირველი ლედი მისი პოლიტიკური წონის ხარჯზე დაამარცხებდა ედიშერ თოლორაიას, არ გამართლდა.
მანამდე კი „ნიუპოსტი“„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ედიშერ თოლორაის დაუკავშირდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. თოლორაია მოსახლეობის ყოფით პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, მისი თქმით, ადამიანებს აქ, პოლიტიკური კინკლაობა კი არა სოციალური საკითხების მოგავრება სურთ.
"ნაციონალური მოძრაობა ბევრ რამეს აცხადებს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მათი მოსაზრებები ხშირად მართებულია. მე პირიქით გეტყოდით, რომ სწორედ მათი დიდი მცდელობისა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო დიდი ალიაქოთის ქვეშ, მათდა სამწუხაროდ არ გამართლდა. ის რომ სააკაშვილის მეუღლე მეორე ტურშიც ხვდება, დასანანია, თუმცა მეორე ტურშივე ყველაფერი წესრიგში იქნება და ზუგდიდი თავის საბოლოო სიტყვას იტყვის. არჩევნები ზუგდიდში ჩატარდა ძალიან კარგად თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ უბანზე დაფიქსირებულ არასასურველ მომენტებს, თუმცა ამასაც საკადრისი პასუხი გაეცა სამართალდამცავების მხრიდან. დამნაშავეებმა აგეს პასუხი. სხვა მხრივ არჩევნები ზუგდიდში იყო აბსოლუტურად კანონიერი და დემოკრატიული. რაც შეეხება მოლოდინებს, ის რა თქმა უნდა არც შეცვლილა. ჩვენ ზუგდიდში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. მოსახლეობას პოლიტიკური კინკლაობა კი არა, სოციალური პრობლემების მოგვარება სურთ და დღემდე და ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ჩემს მთავარ მოვალეობადაც ამას ვთვლი.", - აღნიშნა თოლორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






