„ქვეყანა კვლავ საარჩევნო რეჟიმშია. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, პირველ რიგში, მოსახლეობას აქტიურობისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ, ვინაიდან, სწორედ ამომრჩევლის ნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში.
ჩვენი ინფორმაციით, საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას, რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით.
საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ დაინტერსებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში, ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა თავად ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს,ვინაიდან ცესკოს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არა მხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადებაა, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირება, მით უმეტეს, თუ არსებობს ეჭვები და კითხვები.“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






