წაგებული არჩევნები თუ დირექტორის გადაწყვეტილება – ყულალისელ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოუხსნეს
მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს სოფელ ყულალისში გამგებლის წარმომადგენელი კარლენ კარახანიანი, იგი ირწმუნება, რომ სასკოლო ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. ავტობუსის მძღოლი კომენტარზე უარს ამბობს და დირექტორისკენ გვამისამართებს.
დირექტორი კი აცხადებს, რომ ყულალისიდან მოსწავლეები პამაჯში მისი კეთილი ნების გამო დადიოდნენ ავტობუსით, ახლა ამ სოფლიდან ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და ავტობუსი ორჯერ ვერ მივა. გარდა ამისა, ყულალისი პამაჯიდან 2 კილომეტრშია და ამ გზის გავლა მოსწავლეებს ფეხითაც შეუძლიათ.
სასკოლო ავტობუსის მოხსნას პოლიტიკას უკავშირებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი. იგი ამბობს, რომ სოფელი ოპოზიციურადაა განწყობილი და ამის გამო დასაჯეს.
ახალციხის სოფლები: ყულალისი, დიდი და პატარა პამაჯი, ორალი და ყულალისი, ახალციხის მე–18 საარჩევნო უბანი იყო. პარლამენტის არჩევნების პირველ ტურში, ამ უბანზე "ქართულმა ოცნებამ" 268, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 230 ხმა მიიღო. ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ მას ამ სოფლიდან ხმების უმეტესობა ერგო: "მხარდაჭერას ხალხი ღიადაც მიდასტურებს და ეს იცის ყველამ".
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"
მასალის გამოყენების პირობები






