„მნიშვნელოვანია, რომ უფრო მობილიზებული იყოს თავად საარჩევნო ადმინისტრაცია და უკეთ წარმართოს მან უბნებზე პროცესები, მათ შორის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული საუბნო კომისიებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმები და ამ მხრივ არ იყოს კითხვის ნიშნები,“ - განაცხადა საიას წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა.
არასამთავრობოების განცხადებით, მნიშვნელოვანია მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს და არ მოხდეს 8 ოქტომბრის მსგავსი ინციდენტები, თუმცა გარკვეულ რისკებზეც მაინც საუბრობენ.
“იყო ბოლო ვადა 2 ნოემბერი და ბუნებრივია 30 ოქტომბერი ამ ვადებში ჯდება. არსებობს რისკები იმისა, რომ განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, იყოს გარკვეული ინციდენტები. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ განსაკუთრებულად ყურადღებით იქნებიან სამართალდამცავი სტრუქტურები, განსაკუთრებით იმ რამდენიმე ოლქში, სადაც ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
ცესკოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი კენჭისყრა კი 22 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






