თბილისის მერი დავით ნარმანია დღესასწაულის ღონისძიებებისთვის მზადების სამუშაოებს რიყეზე და ევროპის მოედანზე კიდევ ერთხელ, პირადად გაეცნო და შემსრულებელ კომპანიებს ბოლო დავალებები მისცა.
დავით ნარმანია რიყის ტერიტორიაზე შემოდგომის დღესასწაულისთვის მოწყობილ საბავშვო, სპორტულ, კულინარიისა და საკონცერტო სცენებისთვის განკუთვნილ ზონებს ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად ესტუმრა. მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის დეკორაციებისა და სცენების მონტაჟის სამუშოები დასრულებულია.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დატვირთულია ღონისძიებებით ყველა ძირითადი ადგილი, სადაც ჩვე წელს ვატარებთ თბილისობას და ეს გასცდა ტრადიციულ ადგილებს, ანუ რიყის და ევროპის მოედნის გარდა, ლეღვთახევის ტერიტორიაზე და ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ანუ აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე არის ძირიტადი ლოკაციები. დედაქალაქს წლევანდელი თბილისობის გამრთვა მილიონლარზე მეტი დაუჯდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„თბილისობა 2016“ -ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ დაიდგა.9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.
წელს რიყე,„ახალ ტფილისთან“ და ლეღვთახევთან ერთად, თბილისობის ღონისძიებებით ყველაზე დატვირთული ადგილია. ფესტივალის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცევა. „თბილისობა 2016“-ის პატარა სტუმრებისთვის უკვე მზად არის საბავშვო თეატრი და ქვიშის ქალაქი, სადაც მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები გაიმართება. პარკში ასევე განთავსებულია რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე დასრულებულია კულინარიის ქუჩის მოწყობა, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლებათ.
ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე, 15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






