„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, მცხეთობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. ეს არის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო წმინდა ილია წინასწამეტყველისა ხალენი . ეს არის ის წმინდა ადგილი, სადაც იყო დაკრძალული კვართი უფლისა, სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურთხებოდა, სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათალიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, რადგან უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში და ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით, გრძნობს მადლსა უფლისასა.“ - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს მიულოცა.
"დალოცვილი და გახარებული იყავით. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან დროებით და მალე ჩვენთან ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას. დიდი ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენს მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში“, - აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






