„იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, რაც დაგეგმა და მიიღებს კიდეც „ქართული ოცნება,“ ჩვენ ვიღებთ ძალიან სახიფათო პოლიტიკურ ვითარებას პარლამენტში.
საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი მხრივ და ნაციონალური მოძრაობა მეორეს მხრივ, რომლის იქ ყოფნა პრაქტიკულად ვერაფერს ვერ შეძენს პარლამენტს. იმიტომ რომ, რაც არ უნდა ისაუბრონ, თუნდაც ხანდახან კარგიც და სწორიც თქვან, ესეც იქნება იგნორირებული.
რადგან ეს ორივე მხარის პოლიტიკურ გენეტიკურ კოდშია.
ეს არის პოლიტიკური გენეტიკის შინაგანი სტრუქტურის საყრდენი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მან აუცილებლად უნდა უარყოს ყველაფერი რაც წამოვა „ნაციონალური მოძრაობისგან“, იმიტომ რომ ეს არის აუცილებლად ბოროტი ძალა მათი შეფასებით.
და პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გენეტიკური კოდი არის ის, რომ რაც არ უნდა კარგ გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, აუცილებლად შეაფასებენ როგორც რუსეთის და კრემლის გავლენას...
ანუ, ჩვენ პარლამენტის ნაცვლად, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დებატებია აუცილებელი, მუშა პარლამენტის ნაცვლად, სადაც, სწორედ განსხვავებული ხედვების ჭიდილის შემდეგ მიიღწევა ხოლმე უკეთესი გადაწყვეტილებები, მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც სასარგებლო, შედეგის მომცემი დებატები პრაქტიკულად არ იქნება.
სამაგიეროდ იქნება საკმაოდ ბევრი სანახაობა, და მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ნამდვილად არ მოაკლდებათ.
მოკლედ, არ მგონია, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპული სივრცის შემადგენლობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას იმის ფუფუნება ქონდეს, რომ პარლამენტი იყოს სანახაობა და არა დებატები, სადაც კონსენსუსები და ჭეშმარიტება მიიღწევა.
თუ დამისახელებთ, ევროსაბჭოს რომელ წევრ ქვეყანში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ კონკრეტულ პარტიას?
ამას გარდა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ევროსაბჭოს სივრცეში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4, ანუ 75 %-ია.
თუ ჩვენ შემთხვევაში ეს 3/4 -იანი უმრავლესობაა, სხვა შემთხვევებში 2/3, ანუ 66 %.
გამოდის, რომ დღევანდელ პარლამენტში, ჩვენ ვიღებთ 75 % -ზე მეტის მქონე ერთ პოლიტიკურ ძალას და ამ პოზიციებით ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციისკენ.
ეს პირადად ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს გარეთ ძალიან აქტიური პოლიტიკური საქმიანობით, ამომრჩეველთან ძალიან აქტიური ურთიერთობით ვაპირებ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ყოფნას.
იმისთვის რომ, ხელი შევუწყო ძალიან ბევრ ისეთ რამეს, რაც სამწუხაროდ ალბათ პარლამენტში ვერ განხორციელდება.
არ მაქვს პრობლემა ვთქვა კარგზე კარგი და პირიქით. ამასთან არც იარლიყების შემეშინდება.
ჩემს ამომრჩეველს კი, კიდევ ერთხელ ვეტყვი, მათი ხმა არ დაკარგულა.
და ის საქმე რაც უნდა გაკეთებულიყო მათი მანდატით, მათი ნდობით, მე ამ საქმეს გავაკეთებ.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა მაესტროს ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






