ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ დღეს შიდა კონსულტაციები იგეგმება, რომელზეც გადაწყდება დარჩებიან თუა არა „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი საქართველო“ აღნიშნულ ბლოკში.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ისევ აპირებენ, თუმცა ეს ისევ ერთად მოხდება თუ ცალ-ცალკე ამას დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ.
დავით ჯანდიერის განცხადებით, აღნიშნული პარტიების მიმართ, ბურჭულაძის პარტიას თანამშრომლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეთავაზებები აქვს, ამ საკითხზე იმსჯელებენ და საბოლოოდ მედიას შეჯერებულ გადაწყვეტილებას წარუდგენენ.
„გვექნება შეხვედრა ბლოკში შემავალ სხვა პარტიებთან და ვიმსჯელებთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ბუნებრივია შეთავაზება იქნება ჩვენი მხრიდანაც. ისინი მზად არიან, რომ ისაუბრონ ამ თემებზე და საერთო შეჯერებული გადაწყვეტილება მედიისთვის ცნობილი იქნება,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ძლიერი ერთობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე. მისი თქმით, აუცილებელია სხვა პროდასავლური ძალებთან თანამშრომლობაც.
„ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას და ამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის საჭიროა დამატებითი ძალისხმევები, ძალთა კონსოლიდაციისთვის და ძლიერი ერთობის შექმნისთვის, ბუნებრივია ჩვენ მომავალი თანაცხოვრების პერსპექტივებსაც განვიხილავთ და განვიხილავთ შესაძლო კონტაქტებს და ურთიერთობებს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
დასავლურ ფლანგზე პოლიტიკური ძალების გაერთიანების აუცილებლობას გაუსვა ხაზი ბლოკის წევრმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც. მისი თქმით, პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება აუცილებელია, თუმცა რა ფორმატით გაგრძელდება კონკრეტულად პაატა ბურჭულაძის ბლოკში ურთიერთობები ეს მსჯელობის საგანია:
„ქართულ პოლიტიკას სჭრირდება პროდასავლური ძალების მაქსიმალური გაერთიანება, არამარტო ამ ბლოკში შემავალი სუბიექტების, არამედ სხვა პოლიტიკური ძალებიც უნდა გაერთიანდნენ დასავლურ ფლანგზე და ეს მომავლის საგანია და აუცილებელია ამ თანამშრომლობის ფორმატებზე აუცილებელია ფიქრიც და მსჯელობაც“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






