დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ პრემიერ-მინისტრის შეცვლა და მისი ახალი, ტექნიკური პრემიერით ჩანაცვლება მოხდება ამ მხრივ პრობლემები წარმოიშობა, რადგან "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ და საჭირო მომენტში დასავლელიც გახდებიან, აღმოსავლელიც და მარსიანელიც:
„გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელზეც დღეს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ამასთან დღესაც გვყავს პოლიტიკოსები, ვისთვისაც გულწრფელი ფსიქოლოგიური, თუ მენტალური შეუთავსებლობა აქვს ყველაფერი დასავლურისადმი. ამიტომ მე ცოტა ეჭვი მეპარება რამდენად მყარი იქნება ამ ადამიანების ერთობა.
თუმცა სანამ გიორგი კვირიკაშვილია პრემიერ-მინისტრი, მე ნაკლებად მაღელვებს უმრავლესობაში ასეთი ადამიანები, ოთხნი იქნებიან თუ ორმოცდაშვიდი.
მაგრამ თუ დადგა რაიმეს გამო პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი და მის ნაცვლად ჩვენ წარმოგვიდგინეს ახალი, ტექნიკური პრემიერი, მაშინ ნამდვილად მივიღებთ პრობლემებს, იმიტომ რომ პარტიას რამდენად აღმოაჩნდება უნარი რომ სხვაგან არ გადაუხვიოს, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
რადგან, თუ გადავხედავთ ამავე პარტიის ადგილობრივ ლიდერებს საკრებულოებში, გამგეობებში, იქ ცოტა სხვა ვითარებას აღმოვაჩენთ.
იქ ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ და საჭირო მომენტში დასავლელიც გახდებიან, აღმოსავლელიც და მარსიანელიც.
ასე რომ, დღეს ნამვილად არ გვაქვს დამშვიდების საბაბი, რომ სათავეში იდეოლოგიურად და მკაფიოდ აწყობილი პოლიტიკური პარტია მოვიდა და არსად არ გადაუხვევს.
ერთ კაცზე ჩამოეკიდა ახლა ძალიან ბევრი რამ. ამ კაცს ქვია გიორგი კვირიკაშვილი და მე ვარ მისი კეთილისმყოფელი.
ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები მისი „მაქებარი“.
მე ვიქნები მისი კეთილისმყოფელი ოპონენტი, ზუსტად იმისთვის რომ რამე არასწორი არ გამოვიდეს. და ეს არის ჩემი, როგორც ოპოზიციონერი როლი.
მანამდე კი სხვა როლში ვიყავი და სხვანაირად ვეხმარებოდი რაც შემეძლო.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა თამარ ჩიქოვანის გადაცემაში.
მასალის გამოყენების პირობები






