შარტავას განცხადებით, საარჩევნო პროცესში ადგილი გქონდა მოსყიდვას, დაშინებას, გარკვეული პირების სისტემისთვის მიყიდვას, თუმცა „ფორუმის“ ლიდერი თვლის, რომ 8 ოქტომბერს მიღებულ შედეგში ლომის წვლილი ამომრჩეველს მიუძღვის.
"როგორც იქნა სრულდება არჩევნები, თუმცა არის შედეგები, რომელსაც ვერ მოგილოცავთ. არის შედეგები, რომელსაც ჩვენ ცალ-ცალკე ვერ შევცვლით. არის შედეგები, რომელთა შედეგები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე აისახება, თანდათან გამოჩნდება როგორ დადგა ეს შედეგებიც.
სისტემამ ნამდვილი, დათვლილი, ათასობით, ათი ათასობით ხმა ასე კოხტად გადაილაგა, გადაიწყო, რომ თითქოს ვერც შეედავები. ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული: გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის, მარტო აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენი, რომ ინახოს, იქ აღმოჩნდება ათასობით სხვადასხვა პარტიის ხმა და მათ შორის ათასობით ეროვნული ფორუმის. სისტემამ ეს მოახერხა, სამწუხაროდ იმიტომ რომ ამ პროცესებში ამომრჩეველმაც და საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, ის თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობისა. ბევრმა თავი გაიმართლა იმით რომ დაშინდა, ბევრი გაიყიდა და საქართველოს მომავალი სისტემას მიყიდა, რომელმაც არჩევნებში ძალიან დიდი ფული ჩადო, რომელსაც ათმაგად ამოიღებს და ამისთვის საქვეყნო რესურს მთლიანად ჩაიგდებს, დაადგება თავზე ყველა ოჯახს და მოქალაქეს, რათა აკონტროლოს, დევნოს და ყველა რესურსი საკუთარ თავზე წაიღო, რადგან ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა - ასეთი არჩევანი პატივისცემას არ იმსახურებს. დანარჩენმა ამომრჩეველმა თავისი ცალმხრივი არჩევანის გამო ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას, თითქოსდა ხელოვნურად შექმნილი შავ-თეთრი არჩევნების სურათის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ხელოვნურად შექმნილი, ფსევდო რეიტინგების გამოქვეყნებით დახატული სურათის რეალიზებით. ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ ეროვნული ფორუმიც ნულზე დარჩენილიყო, მაქსიმალურად სცადეს და მოახერხეს ეს ამომრჩეველმა ამაში მონაწილეობა მიიღო”- განაცხადა კახა შარტავამ.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი მისი და სხვა პროდასავლური პარტიების შეცდომებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ამომრჩევლი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნეს.
„ჩვენც, დანარჩენმა პარტიებმაც ვერ ვივარგეთ. ვერ შევთავაზეთ, ვერ ვაჩვენეთ, ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში . არცერთი სუბიექტი არ განიხილა ამომრჩეველმა თვითკმარ ობიექტად, რომელსაც დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა და რეალური აკლტერნატივის შეთავაზება შეუძლია საზოგადოებისთვის. თითოეული ეს პარტიული სუბიექტი, არ არის თვითკმარი პოლიტიკური წარმონაქმნი. თითოეულს რაღაცა აკლია და ამ დანაკლისს ალბათ ვერასდროს აივსებ და მაქსიმალური შედეგი ბარიერთან ჭიდილი იქნება”- თქვა შარტავამ.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ევროპული მსხვილი პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა.
„ჩვენი აზრით, ამ ვითარებაში აუცილებელია რეალური ნამდვილი, სერიოზული ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოკრეფა - ადამიანური, საკადრო, შეხედულებების, და ისეთი პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც თავს მოუყრის ყველა მარავალფეროვნებას და ყველა რესურსს. სხვა შემთხვევაში ასეთივე შედეგს გადავაწყდებით და ამასობაში პარაზიტი სისტემა, რომელიც 24 წლის განმავლობაში ხრავს ქვეყნის სამეურვეო ეკონომიკურ ხერხემალს, მთლიანად გადაიყოლებს ქვეყანას და თვითონაც გადაჰყვება ზედ. აქ უკვე საქართველოს საერთაშორისო ფუნქციაზევ ვერ იქნება საუბარი. მსგავსი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ ვიყოთ პარტიული მსხვერპლი, მსგავსი პროცესისა და ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას შევეწიროთ სხვებთან ერთად თუ ამის მსურველები იქნებიან. მსგავსი ტიპის პარტიის ჩამოყალიბებამ შეიძლება შეიტანოს რეალური ცვლილება იმ ვითარებაში რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. როცა არაფერი იცვლება, ერთიდაიგივე ძალები ადამიანები. არიან სისტემის მსახურები და ფაქტობრივად ხელს უწყობენ იმას, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დეფიციტი დაფიქსირდეს, ამას ქვეყნის დამოუკიდებლობას შეიძლება შეეწიროს”- აღნიშნა კახა შარტავამ.
მასალის გამოყენების პირობები






