საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას რუსეთიდან პირველი რეაქცია და შეთავაზება უკვე მოჰყვა.
АиФ.ru-სთან ინტერვიუში, რუსეთს დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსი პარლამენტარები ეცდებიან, აღადგინონ საპარლამენტო კავშირები საქართველოს პარლამენტთან. მისი თქმით, ამის საფუძველს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იძლევა, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
"ნიუპოსტი" აღნიშნულ საკითხზე ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ექსპერტი თვლის, რომ რუსი დეპუტატების აზრს, ბიძინა ივანიშვილის მაამებლური განცხადებები უდევს საფუძვლად.
"საქართველოში პრორუსულ პარტიებს გასაქანი არ გააჩნიათ და ეს გამოჩნდა იმითაც რომ პატრიოტთა ალიანსმა სულ 5 % მოიპოვა და პარლამენტში მხოლოდ 6 ადამიანი იქნება წარმოდგენილი. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ის იმედი, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით კურსს რადიკალურად შეიცვლის და უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე.
რუსეთთან დაახლოების გარკვეული მცდელობა იქნება, თუმცა არა ისეთი რადიკალური, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მოექცეს.
რუსეთსს დუმის დეპუტატის ამ შეფასებას, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები უდევს საფუძვლად, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია არ არის, ასევე მისი განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები 2008 წელს. სწორედ ამის გათვალისწინებით შეიძლება რუსეთს ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე გავლენა აქვს, რომელიც რუსეთის მისამართით მაამებლური განცხადებებით გამოირჩევა"- აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






