2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია, დათვლილია უბნების თითქმის სრული რაოდენობა, გარდა იმ 4 უბნისა, რომლებზეც არჩევნების მიმდინარეობისას და ხმის დათვლის პროცედურებისას პრობლემები შეიქმნა. ცესკო-ს ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტს დააკომპლექტებენ „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ 27%-ზე საუბრობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. კობახიძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო მარგინალიზაცია სწორედ ამ 27%-მა დაიწყო:
„ნაციონალური მოძრაობა ვეღარ იქნება იმ მნიშვნელობის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც ის იყო ამ არჩევნებამდე. 150 კაციან პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობა იქნება წარმოდგენილი 27 დეპუტატით, ეს იქნება მათი საბოლოო მარგინალიზაციის დასაწყისი, შემაშფოთებელია ის, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, იღებს ამომრცევლების 27 %-ს. ეს არსებითად არის იმ მედიაგარემოს დამსახურება, რომლეიც იყო ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში, საკუთრებაში აქვს ყველაზე გავლენიანი არხი, რუსთავი 2, ამ არხზე წარმოებს ტოტალური აგიტაცია მათ სასარგებლოდ და ტოტალური პროპაგანდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ისინი ატყუებდნენ თავის აქტივს, როცა უმტკიცებდნენ, რომ მათ შეეძლოთ ამ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება. დღეს სრულიად დემოტივირებულია ნაციონალური მოძრაობის აქტივი, მათ დაპირება არ შეუსრულა საკუთარმა პარტიამ. ეს თავადაც კარგად იცოდენენ, ინფორმაცია ჰქონდათ რა რეიტინგები იყო. იცოდენენ, რომ წააგებდნენ ამ არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ასევე საუბრობს იმ თემაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის თუ არა უარს პარლამენტში შესვლაზე. მისი თქმით „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტს ენმ:
„ეს იქნება მორიგი შეცდომა, დაშვებული იმ უსუსური პარტიის მხრიდან, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არ გვაინტერესებს ასე გადაწყვეტენ თუ ისე, თუ ისინი საერთოდ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს მხოლოდ წაადგება დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს არის მათი გადასაწყვეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






