„მე ვთვლი, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე ეს იყო წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო სერიოზული ხარვეზებიც, დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზეც ჩვენ ალბათ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, იმიტომ, რომ უმეტეს ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი.
საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებმაც ძირითადად გაართვეს თავი ამ ამოცანას. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პორციებით და რაღაც გარკვეული ლოგიკით, ეს დაუშვებელია. ვისურვებდი რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ აინტერესებდეს, ვისთვის რა ციფრის ხილვა იქნებოდა სასურველი ტელეეკრანზე არჩენების დასაწყისში ან ბოლოს. სამწუხაროს ის ფარული ხელი ჩვენ ადამ სმიტიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ საბაზრო პროცესებს არეგულირებდა ასეთი ხელი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების მარეგულირებლადაც გვევლინება ხოლმე. სამწუხაროდ ეს იყო გაგრძელება იმ ტენდენციების, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მრავლად ვნახეთ, შემთხვევით“ სწორ დროს“ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, შემთხვევით „სწორ დროს“ აღმოჩენილი იარაღის სამალავები, ასევე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი საუბნო კომისიის ოქმები, რომელიც ვიღაც პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებს, სხვისთვის მინიმალურს, ეს შემთხვევით ემთხვევა ეგზიტპოლების მონაცემებს, რომლებმაც საბოლოოდ უსუსურობა და არაობიექტურობა დაამტკიცეს, იმიტომ რომ ვხედავთ, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მანიპულირებენ ამ იარაღით. ეს ყველაფერი ხარვეზებია, რომელიც გამოსასწორებელია, მაგრამ არ მიგვანიშნებს, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, იმიტომ რომ მოქალაქეებს ქონდათ ტავისი არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ვინ როგორ გამოიყენა, ვინ რატო დარჩა სახლში ეს მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხია“- უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების სრული სურათის მისაღებას მას რამდენიმე ტელევიზიის ერთად ყურება სჭირდებოდა. უსუფაშვილმა ისურვა, რომ მომავალი არჩევნებისთვის სრული ობიექტური სურათის მიღება ნებისმიერი ტელევიზიიდან იყოს შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები






