როგორც „ნიუპოსტს“ საკითხის შეფასებისას ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, ივანიშვილის გუნდის მიზანი, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება საკანონდებლო ორგანოს გადაეცეს ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება.
ალაფიშვილი ერთპარტიული მმართველობის საფრთხეებზეც საუბრობს:
“იმ ფონზე, როცა არჩევნების ოფიციალური შედეგები დოკუმენტირებული ჯერ კიდევ არ არის, "ქართული ოცნების" მმართველობა კი ოფიციალურად გაფორმებული არ არის, მათი მხრიდან ამ ტიპის განცხადებების გაკეთბა ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველია. გონიერი პოლიტიკოსი ამდაგვარ განცხადებას არ გააკეთებდა. იტყოდა, რომ - "კონსტიტუციის ცვლილებაზე ამომრჩევლის ფართო ჩართულობით ვიმსჯელებთ". უმრავლესობის წარმომადგენელმა კი პირდაპირ თქვა, რომ არც არავის შეეკითხებიან, ჩვენ ასე ვთვლით და პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევსო. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს მსგავსად ფიქრობდა და მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობაც, როცა კონსტიტუციური უმრავლესობა გაიფორმა. 13 ცვლილება შეიტანეს კონსტიტუციაში. მაქსიმალურად მოირგო მაშინდელმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია და იმავეს აკეთებს დღეს "ქართული ოცნება", -ამბობს ალაფიშვილი.
კონსტიტუციონალისტის თქმთ, "ქართული ოცნების" სიაში ახალი სახეები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ატარებენ, ქვეყნისთვის უმთავრეს გადაწყვეტილებებს კი რეალურად ისევ ძველი,"გადამალული" სახეები მიიღებენ.
"ასეთი ტიპის ძველ პოლიტიკოსებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ გადამალულები ჰყავდათ, (არ აჩენდნენ საჯარო სივრცეში მათივე ნეგატივის გამო,) ახლა უკვე გააქტიურდნენ რაც ინდიკატორია იმისა, რომ "ქართულ ოცნებაში" მარტივად არ წავა პროცესები. ე.წ ახალი სახეები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ და წარმმართველები ისევ ძველი სახეები იქნებიან. მათ მიმართ კი როგორი ნეგატივია, ყველამ ვნახეთ"- განუცხადა "ნიუპოსტს" იურისტმა.
როგორც ალაფიშვილი განმარტავს, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს 113 ხმა დასჭირდება. კონსტიტუციონალისტი საკანონმდებლო პროცედურებს განმარტავს:
"იწყება განხილვები - ამისთვის "ქართულ ოცნებას" ქვორუმი აქვს. შემდეგ პარლამენტში ინიცირებულ პროექტის, საერთო სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს, ამისთვის 6 თვეა განსაზღვრული. ამ ვადის შემდეგ ისევ ბრუნდება კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში, რასაც კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, - როგორც აღვნიშნე მინიმუმ 113 ხმა. ეს ხმები "ოცნებას" ჯიბეში აქვს, ეს იცის ბატონმა ვოლსკიმ და მისნაირებმა. ვოლსკის განცხადება, თავისი ლიდერის, ბატონი ბიძინას გულის მოსაგებად, ან კარგი თანამდებობის მიღებისთვის გათვლილი განცხადებაა. სხვებს დაასწრო, რადგან ბატონ ბიძინას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ მოსწონს, მუშაობას სწორედ ამ ინსტიტუტის მიჭირხვნით დაიწყებენ" - აღნიშნა ალაფიშვილმა.
იურისტი არ გამორიცხავს, რომ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტად ყოფილი პრემიერი, ივანიშვილის ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ.
"ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუმცა გონიერი ხელისუფლება, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება მოიქცეოდა შემდეგნაირად; იტყოდა, რომ ხალხს დავეკითხები, თუმცა ამათი პოზიცია ასეთია - "მე ვფიქრობ..." სწორედ ასე თვლიდა 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობაც", რა შედეგი მივიღეთ ყველამ კარგად ვნახეთ”- განმარტა „ნიუპოსტთან“ ლევან ალაფიშვილმა.
იურისტი კიდევ ერთ აქტუალურ თემას შეეხო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მეორე ტურებზე და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას შეეხება.
ალაფიშვილის შეფასებით, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
„თუკი ახლადარჩეულმა პარლამენტმა ვერ ცნო უფლებამოსილება (100 დეპუტატი მაინც), ეს იქნება 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შემდგომი შეკრების გაუარესებული ანალოგი (მაშინ ახალარჩეულ პარლამენტს უფლებამოსილების ცნობისთვის ქვორუმი არ ჰქონდა და სხდომაზე დიდხანს ელოდა ახალ მემარჯვენეებს, რომლებმაც არ დაახანეს და ქვორუმი შედგა).
შედეგი: არალეგიტიმური პარლამენტი, მთავრობა და კონსტიტუციური საფუძველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის.
იმედი მაქვს, ეს მხოლოდ თეორიად და გაფრთხილებად დარჩება, პასუხისმგებლობას გავაცნობიერებთ და სახელმწიფოებრიობისთვის შევძლებთ სუბიექტურზე ამაღლებას!“- აცხადებს იურისტი.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






