დავითაიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში, ეს ამ პარტიის სტილის დამსახურებაა, რომელიც "მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს". ოპოზიციის დანარჩენ ლიდერებს რაც შეეხება, „საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერის თქმით, ბევრმა მათგანმა "ქართული ოცნების" თამაში ითამაშა. "ნიუპოსტი" გთავაზობთ პაატა დავითაიას შეფასებას:
"არჩევნებამდე ჩემმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 2016 წლის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მიუღებელი იყო საარჩევნო კოდექსი, არ მოხდა საერთო შეთანხმება, არ იყო კონსენსუსი, ამიტომ არჩევნებამდე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ცალსახად გვეწერა, რომ არჩევნებზე გაიმარჯვებდა ქართული ოცნება, რადგან იყო გაურკვეველი ბლოკები, ფაქტიურად ეს იყო ერთი მხრიდან მართვადი პროცესები, ჩანდა ის რომ საქართველოში ერთი კაცის ფინანსებია, ამიტომაც ვიწინასწარმეტყველეთ ის თუ რა შედეგიც დადგებოდა"- განუცხადა "ნიუპოსტს" პაატა დავითაიამ.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი აცხადებს, რომ გუშინ დამდგარ შედეგში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ითამაშეს, როცა არჩევანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის დიდძალი თანხის სასარგებლოდ გააკეთეს.
"ამ თამაშის წესებს პოლიტიკური სპექტრი აჰყვა, იმ ბლოკებმა კი, რომელიც წინასაარჩევნოდ შექმნა და რომლებსაც ფინანსების გარდა არაფერი აერთიანებდა, რა შედეგიც მიიღეს, ყველამ კარგად ნახა. ეს ყველაფერი კი აწყობდა ძალას - "ქართულ ოცნებას". რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ის ისეთნაირად იქცევა, როგორც ხელისუფლების ყოფნის დროს იქცეოდა, მას საკუთარი პარტიის გარდა არავინ არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე დადგა ეს შედეგი. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს"- თქვა დავითაიამ.
მისი თქმით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბებას ადგილი რა თქმა უნდა ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა.
"ამას უნდა შევეგუოთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური სპექტრის დამსახურებაა, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც ფინანსები გააჩნდათ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება არ მომხდარიყო. ვსვამ კითხვას - საიდან ჰქონდათ მათ ეს ფინანსები და რატო იმოქმედეს ისე, როგორც ეს ქართულ ოცნებას აწყობდა? - მგონი ამ კითხვებზე პასუხი უკვე არის. ახლა კი პროდასავლურობაზე წივილ-კივილს თავი დაანებონ, ისინი პრო დოლარებიანი პარტიები არიან, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობა აინტერესებთ და ქვეყნის მომავალზე სულ არ ღელავენ. რა შედეგს მოიტანს არჩევნების მაჩვენებელი, ამას მომავალში ვნახავთ. ფაქტია, რომ თუ ოცნებამ მოქმედების კურსი არ შეცვალა, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ"- თქვა ოპოზიციის წევრმა.
პაატა დავითაიამ არჩევნების შედეგის კომენტირებისას ამბობს, რომ "ქვეყანა 90 - იან წლებს უბრუნდება".
"ვისაც უცხოვრია ამ წლებში, ყველამ კარგად იცის, რა უბედურებისკენ ვბრუნდებით, ძალიან მეცოდებიან ახალგაზრდები, რომელსაც ეს ცხოვრება არ უნახავთ და სამწუხაროდ აწი ნახავენ. ერთ სპირალში ვტრიალებთ. ეს კი დამსახურებაა იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირაკლი ალასანია, პაატა ბურჭულაძე, ისინი იძახდნენ, რომ 30-40 % - ით იგებდნენ. იმედი მაქვს, რომ მომხდარის შემდეგ, საზოგადოება და ეს პარტიები დასკვნებს გამოიტანენ"- განმარტა „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






