მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი:
„ეს არის ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლა. კერძოდ, როგორც ჩანს მათი მიზანი ყუთის გატაცება იყო. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ პროვოკაციებს არ აყოლოდნენ. არ შესულიყვნენ ძალადობრივ პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, ასევე მოვუწოდეთ, მათ შორის ღია ეთერითაც, სამართალდამცავ ორგანოებსაც, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ისინი ესროდნენ ქვებსაც, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული მეთოდი.
ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის პოლიციის უფროსი. „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, თითქოს მათ არ იცოდნენ თუ ვისი აქტივისტები დაესხნენ საარჩევნო უბანს თავს. ყველამ კარგად იცოდა ყველაფერი. სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში.
„იმედის“ ჟურნალისტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა გაუტეხეს კამერა და ეს არაცერთხელ არ იყო ნახსენები „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებში. აქედან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან რუსთავი 2-ის ე.წ ჟურნალისტებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






