ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა წარუდგინა. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 19,81 % (695 948 ამომრჩეველი) შეადგინა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ცესკოს სპიკერმა მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზების შესახებ:
„დიდუბის №14-ე საარჩვენო უბანზე რამდენიმე პროცედურული ხასიათის ხარვეზი დაფიქსირდა. კომისია ამასთან დაკავშირებით დაწერს ახსნა-განმარტებას და კანონმდებლობის თანხმად, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულზე იმსჯელებს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია და მოახდენს რეაგირებას;
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დიდუბის №8 საარჩევნო უბანზე არ იყო ჩანაწერთა წიგნი. თუმცა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენში არ იყო აღნიშნული ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი; სავარაუდოდ, როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა დაფიქსირდა შეცდომა და ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი იყო სულ 2 ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა იმ ბიულეტენების შესახებ, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს და მიიღებს კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის საარჩევნო ოლქის №21, №58, №59, №60 და №61-ე უბნებზე დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს,“ განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.
მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15:30 სთ-ზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






