ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პროცედურული ხასიათის რამდენიმე ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე საარჩევნო უბანზე (სამგორის 22-ე უბანი, მთაწმინდის მე-6 უბანი, ასევე ქუთაისის 27-ე უბანი) რამდენიმე წუთით შეფერხდა; ვინაიდან უბანზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები, ჩანაწერთა წიგნში მათ აღრიცხვას შედარებით მეტი დრო დაჭირდა.
„ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი და ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა დროულად შესულიყო საარჩევნო უბანზე და კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა. რისი მიზეზიც გახდა, კომისიის ერთ-ერთი წევრის უარი წილისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გააპროტესტა ლუქის ნომრის დაფიქსირების პროცედურა ჟურნალში. ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ფოთის #61-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე ასევე 30-40 წუთით შეფერხდა კენჭისყრის წინა პროცედურები, ვინაიდან ჩაიკეტა ოთახის კარი, სადაც საარჩევნო დოკუმენტაცია ინახებოდა. კარი სამაშველო სამსახურის დახმარებით გაიხსნა. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბანი დროულად 08:00 სთ-ზე გაიხსნა და ამ უბანზეც ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა.
ბათუმის #1 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებლის განცხადებით ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს. ამავე მიზეზით, საარჩევნო უბნიდან გააძევეს „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი. #1 საარჩევნო უბანზე, ასევე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია,“- განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში კიდევ 4 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება და ცესკო პერიოდულად წარმოადგენს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






