ნაცვლიშვილის განცხადებით, დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა დამკვირვებლის არშეშვება, საჩივრის დარეგისტრირებაზე უარის თქმა და სხვა.
"დაფიქსირდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული ფუნქციის გამოვლენისას, უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წაღებაზე (მთაწმინდის #20, #16 და #26 უბნები, ჩუღურეთის #14 და #32 უბნები, დიდუბის #38, ნაძალადევის #51, თელავის #2, #1, #10, #12, #7, #4 უბნები).
საიასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ დროს კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთი წევრები არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას და შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. საიამ მოიპოვა შესაბამისი დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიმართ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაცემულია დირექტივა იმის შესახებ, რომ კომისიის ის წევრები, რომლებიც უარს იტყოდნენ ამ პროცედურაში მონაწილეობაზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებოდნენ უფუნქციოდ ან შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს, თუმცა აღნიშნული წევრები ხმის დათვლის დროს მონაწილეობას მიიღებდნენ მთვლელების გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დაწყებამდე ტარდება წილისყრის პროცედურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კომისიის წევრის ფუნქციების გამოსავლენად და უპირველესად პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთან ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები, ხოლო კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა.
მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრების მიერ წილისყრაზე უარი ან წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე უარი, წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების თანახმად წარმართვას.
გუშინ, 7 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა კენჭისყრის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა. ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს და არ გაჰყვება გადასატან ყუთს.“
მიგვაჩნია რომ აღნიშნული განცხადება არ მოდის შესაბამისობაში კანონის დანაწესებთან: საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად,კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
ამას გარდა, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის პრობლემურობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით რეფორმის გატარებას აუცილებლობაზე მიუთითებს " -ნათქვამია საიას განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






