ანგარიშის მოკლე ვერსიის თანახმად, 2016 წლის 29 ივნისს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-4 და მე- 5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის მინისტრის №140 ბრძანებით შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია („კომისია“) და დამტკიცდა კომისიის დებულება.
2016 წლის 29 ივნისის №140 ბრძანების საფუძველზე კომისია საწყის ეტაპზე 13 წევრისგან (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) შედგებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ეფექტურად განხორციელების მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა და მის საქმიანობაში ორი დამატებითი უწყება ჩართო − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი. ამასთან, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, რომელიც, კომისიის საქმიანობის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაიკავა.
კომისია, რომელიც დროებითი ორგანოა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობს დიალოგს სახელმწიფო უწყებებსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის, უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას და, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ.
2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2015 წლის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კომისიის საქმიანობაში კვლავ აქტიურად მოხდა პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. ასევე, მნიშვნელოვან მექანიზმად იქნა მიჩნეული 2013, 2014 და 2015 წლებში კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციები და ინსტრუქციები. ამ მიზნით კომისიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით წინა ორი არჩევნებისას შემუშავებული რეკომენდაციები და ინსტრუქციები ხელახლა გაავრცელა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, რათა მათთვის შეეხსენებინა, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე. იგივე რეკომენდაციები და ინსტრუქციები იქნა გავრცელებული, როგორც წინა ორი არჩევნებისას, საქართველოს სამინისტროებსა და ცენტრალური ხელისუფლების სხვა სტრუქტურებში.
უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 2016 წლის 13 ივლისს. მანამდე, კომისია საარჩევნო სუბიექტებთან ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მუშაობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, 7 სექტემბრამდე სხდომები იმართებოდა ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ − ყოველკვირა. ჯამში, საანგარიშო პერიოდში 8 სხდომა ჩატარდა, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 3 საათი იყო. კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კომისიის 15 წევრის გარდა, მოწვევა ეგზავნებოდა უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტს (19 პარტიას, 6 ბლოკს), არჩევნებში სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე ადგილობრივ (სულ − 18) და საერთაშორისო ორგანიზაციებს (სულ − 9). კომისიის ცხელი ხაზი (599850011) ამოქმედდა კომისიის შექმნის დღიდან და მუშაობდა 24 საათის განმავლობაში. საანგარიშო პერიოდში ცხელ ხაზზე რეაგირების მიზნით სულ 22 ზარი შემოვიდა. კომისიის შექმნის დღიდან ამოქმედდა კომისიის ელექტრონული ფოსტაც (IATF@justice.gov.ge).
2016 წლის 29 ივნისიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით კომისიის სახელზე ელექტრონული ფოსტისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის მეშვეობით 104 განცხადება შემოვიდა, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომისია, მისი საქმიანობის პერიოდში დანერგილი პრაქტიკის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ მედიამონიტორინგს აწარმოებდა, რომლის საფუძველზეც სხდომაზე განხილულ ინფორმაციათა ნაწილს მედიაში გავრცელებული ცნობები შეადგენს. მედიამონიტორინგის ეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის მიერ განხორციელებული მყისიერი რეაგირებები. ხშირად იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო სუბიექტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განცხადების შემოტანამდე კომისიის სამდივნოს მედიამონიტორინგის შედეგად რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა შესაბამისი ღონისძიება გატარებული და უფლებამოსილი უწყებებიდან შუალედური ინფორმაცია მიღებული.
კომისიის მუშაობის პირველ ეტაპზე, ივნის-აგვისტოს განმავლობაში, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის კუთხით შედარებით ნაკლები ოდენობის განცხადება შემოდიოდა. ძირითადი პრობლემა და საფრთხე, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა გამწვავებები, იყო კონტრაქციები და პროვოკაციები, რომელთა პრევენციის მიზნითაც კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები და მიმართა პოლიტიკურ პარტიებს (საარჩევნო სუბიექტებს), გაეცათ მკაფიო მითითება, რომ მათ აქტივისტებს თავი შეეკავებინათ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხული ყოფილიყო პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებს შეფერხების გარეშე მიცემოდათ ამომრჩეველთან კონტაქტის საშუალება.
მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სიახლეზე, რომლის თანახმადაც, კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბრი-8 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობისათვის შეთავაზება გაეგზავნა ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულ ყველა საარჩევნო სუბიექტს. საინფორმაციო კამპანიის მიზანია[1], არჩევნები ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში და თითოეულმა ამომრჩეველმა, პარტიის მხარდამჭერებმა თავიანთვე ლიდერებისგან გაკეთებული მოწოდებების შედეგად გააცნობიერონ, თუ რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის ფაქტს. კამპანიის ლოზუნგია „ძალა ვნებს არჩევნებს“. კამპანიის ლოზუნგის და მიზნის მიხედვით შეიქმნა ერთიანი ვიზუალური კონცეფცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა[2]. 18 ოქტომბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში რგოლი 967 620-მა მაყურებელმა მინიმუმ ერთხელ მაინც ნახა. ვიდეორგოლი არჩევნების დასრულებამდე კვლავაც აქტიურად ვრცელდება ყველა ზემოხსენებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
კონტრაქციების პრევენციისა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა და შეთავაზება, რომლის თანახმადაც, სპეციალურად საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოიყო თანამშრომელი და ამოქმედდა ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში. შედეგად, საარჩევნო სუბიექტებს მიეცათ შესაძლებლობა, წინასწარ გაეფრთხილებინათ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის ადგილისა და დროის თაობაზე, ხოლო პოლიცია უზრუნველყოფდა შეხვედრის დროს ექსცესის თავიდან აცილებას. ხაზგასასმელია რიგი საარჩევნო სუბიექტების მზაობა შეთავაზებაზე და ამ კუთხით პოლიციასთან აქტიური თანამშრომლობა.
კომისიის მიერ ორჯერ გამოიცა რეკომენდაციები სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხებთან დაკავშირებით გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენციისთვის, კერძოდ: კომისიამ მოუწოდა პარტიებს, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა; ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს − მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას დროულად და ეფექტიანად უნდა გაეტარებინათ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
კომისიამ განაგრძო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას დამკვიდრებული წარმატებული პრაქტიკა, რაც გამოიხატა კომისიის ეფექტიანი თანამშრომლობით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, რის შედეგადაც, დადგინდა არაერთი სამართალდარღვევა და შედგენილ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (სულ შედგენილია 384 ოქმი). როგორც არსებულმა შედეგებმა აჩვენა, მსგავსმა ოპერატიულმა ქმედებებმა იქონია პრევენციული ხასიათი, რის ფონზეც სამართალდარღვევის ოდენობამ იკლო.
კომისიის 10 აგვისტოს სხდომაზე მოსახლეობისა და დამსწრე ორგანიზაციების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ამომრჩეველთა ერთიანი სიების სრულყოფას. პრეზენტაცია მოიცავდა ბიომეტრიულ და არაბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებულ 4 წლიან დინამიკას (2013-2016 წწ.).
2016 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 4 წლის განმავლობაში გაიცა 2 289 783 ბიომეტრიული დოკუმენტი (ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი), რაც ნიშნავს იმას, რომ 8 ოქტომბრისათვის, ფოტოსურათებიან საარჩევნო სიაში, რომელიც 2014 წელს დაინერგა, 2 465 550 მონაცემი საბოლოოდ დაზუსტებული და უტყუარია. 2013-2016 წლებში გაცემული ელექტრონული პირადობის მოწმობებიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა ბრძანების საფუძველზე, 952 284 პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცა, ხოლო 190 864 პირადობის მოწმობა შეღავათიან ფასად. ბოლო მსგავსი აქციები მოქმედებდა 2015 წლის 20 აპრილიდან 20 ივლისამდე, 2016 წლის 15 თებერვლიდან 30 ოქტომბრამდე (ისევ ძალაშია და ეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელებს) და 2016 წლის 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (ეხებოდა იმ პირებს, ვის დოკუმენტებსაც ვადა გასდიოდათ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე). ამ აქციებით სარგებლობის მიზნით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისათვის დაიბეჭდა და დარიგდა 100 000 ფლაერი. ამ აქციების შედეგად, 8 ოქტომბრისათვის, 123 194 უსაბუთო ამომრჩეველმა უფასოდ აიღო პირადობის მოწმობა და შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, 9 381 რეგისტრაციიდან მოხსნილმა მიიღო უფასოდ პირადობის მოწმობა, 14 213 ისეთმა პირმა აიღო უფასოდ ახალი პირადობის მოწმობა, რომლის მოქმედ პირადობის მოწმობასაც 8 ოქტომბრამდე გასდიოდა ვადა და, შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მთლიანობაში, მოცემული ორი აქციის შედეგად, 146 788 ამომრჩეველს მიეცა საშუალება ბარიერის გარეშე განეახლებინა დოკუმენტი და მისცემოდა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ასევე 2016 წლის 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობების მიღება ყველა მოქალაქისთვის იყო უფასო, რა დროსაც 193 648 პირზე გაიცა ეს დოკუმენტი.
ასევე, პროექტის „საარჩევნო სიების სრულყოფა - 2“ ფარგლებში მონაცემთა ბაზებში გაუქმდა 488 გაორებული და 151 გაყალბებული დოკუმენტი, გასწორდა 1 399 არასწორად მიბმული/აღრიცხული ფოტოსურათი, დარეგისტრირდა 3 654 გარდაცვალების აქტი იმ პირებზე, რომელთა გარდაცვალების შესახებაც ოჯახის წევრებმა თავის დროზე არ შეატყობინეს სახელმწიფოს (მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ მოქალაქეებზე), მონაცემთა ბაზაში ფოტოსურათის გარეშე ჩანაწერების და უხარისხო ფოტოსურათების შემცირების მიზნით 1 135 პირს საფასურის გადახდის გარეშე დაუმზადდა პირადობის ელექტრონული მოწმობა, განხორციელდა საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული დოკუმენტების ფოტოსურათების დიგიტალიზაცია (ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა), ამ აქტივობის ფარგლებში ბაზაში აისახა 6 566 მოქალაქის ფოტო, შესწორებული იქნა 252 შეუსაბამო ჩანაწერი სქესის რეკვიზიტში.
კომისიის საქმიანობის საანგარიშო პერიოდში მედიამონიტორინგის შედეგად და სამდივნოში სხვა წყაროებიდან წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიება უმოკლეს ვადებში დაიწყო სულ სისხლის სამართლის 71 საქმეზე; მათ შორის, სსკ 125-ე მუხლით (ცემა; სულ − 25 ფაქტი), 125-ე და 150-ე მუხლებით (ცემა, იძულება − 1 ფაქტი); 187-ე მუხლით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება; სულ − 29 ფაქტი), 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით − 1 ფაქტი); 177-ე მუხლით (ქურდობა; სულ − 6 ფაქტი); 151-ე მუხლით (მუქარა; სულ − 4 ფაქტი); 154-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა − 1 ფაქტი); 162 პრიმა მუხლით (წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ცემა −1 ფაქტი); 164-ე პრიმა მუხლი (საარჩევნო მიზნით ფულის გადაცემის და წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება - 1 ფაქტი); 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება; სულ − 1 ფაქტი) და მე-19-109-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა; სულ - 1 ფაქტი).
უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო სუბიექტების აქტივისტებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებული ფაქტები ოპერატიულად მოწმდებოდა სამართალდამცველთა მხრიდან, მაგრამ უმეტესი მათგანი არ დასტურდებოდა თავად მითითებული დაზარალებულების მხრიდან და გამოკითხული პირებიც უარყოფდნენ მსგავს ქმედებებს, რაც გამოძიების დაწყების საფუძველს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, 12 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 59 საქმეზე.
59 საქმიდან, არსებული მდგომარეობით, 9 საქმეზე უკვე განხორციელდა კონკრეტული პირების მიმართ (სულ 11 პირი) სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის − სსკ 125-ე მუხლით (ცემა) – 8 პირის მიმართ; 151-ე მუხლით (მუქარა) − 1 პირის მიმართ; და 162-ე პრიმა მუხლით (წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ცემა) − 2 პირის მიმართ. ამ საქმეებზე, სასამართლოს მიერ გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები.
მოცემულ 9 სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია ასეთია: 1. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და წევრის ცემა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სპეციალისტის - საჯარო მოხელის მიერ; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილის №65 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ამავე კომისიის წევრების („ქართული ოცნების“ წარმომადგენლების) ცემა; 3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მიერ უჩაშონის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის („ქართული ოცნების“ წევრის) ცემა; 4. სოფელ დიდინეძში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების და მხარდამჭერების, მათ შორის ერთი ახალგაზრდა გოგონას, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ცემა; 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტის მიერ დამოუკიდებელი (უპარტიო) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცემა; 6. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრის მიერ „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის წევრის ცემა; 7. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მიერ პოლიტიკური გაერთიანების - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ - წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ მუქარის განხორციელება; 8. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტისა და პოლიტიკური პარტია - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ - აქტივისტის მიერ ერთმანეთის ცემის ფაქტი; 9. სოფელ გამარჯვებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ცემის ფაქტი „ქართული ოცნების“ აქტივისტის მიერ.
59 საქმიდან 1 საქმეზე სს კოდექსის მე-19-109-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაიწყო გამოძიება ინციდენტის საღამოსვე და გამოძიება ამჟამად მიმდინარეა (პარლამენტარ გ. თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე).
წინამდებარე შუალედურ ანგარიშში ასახულია კომისიის საქმიანობა 2016 წლის 29 ივნისიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
მასალის გამოყენების პირობები






