ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით: კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი ამორჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსულ ამომრჩეველთა ნაკადს, სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება, თვალყურს ადევნებს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან, თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლას, მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.
თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.
ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის შემთხვევაში − დევნილის მოწმობა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად); ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:
- სახელი;
- გვარი;
- დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
- მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა
ბაზის მიხედვით);
ყურადღება თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა: საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული; საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას; თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.2.ბ; მუხლი65.2 1 ).
ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას;
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელისა და გვარის მითითებით). საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ხელს აწერს მის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ამოწმებს რეგისტრატორის ბეჭდით.
ამომრჩეველი შედის კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს/ ბიულეტენებს. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.3).
თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.4
ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საარჩევნო ყუთისა და სპე- ციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და ათავსებს მასში საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.
ამომრჩეველი სპეციალურ კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში. სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს.
საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.
მასალის გამოყენების პირობები






