“ჩვენ ძალიან სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე. ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ აშკარად ხდება საარჩევნო პროცესში ე.წ. “ძველი ბიჭების”, უბნის ავტორიტეტების და ქუჩის რესურსის გამოყენება. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ამ მიმართულებით მუშაობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ეს ტენდენცია სულ უფრო მზარდ ხასიათს იძენს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ ოლქებში, მათ შორის გლდანის 21 საარჩევნო ოლქშიც, რომ პარტიების კოორდინატორები თუ აქტივისტები დადიან უბნებში და ცდილობენ, ნახონ მოძველბიჭო ელემენტები, რომ არჩევნების დღეს მათი დახმარებით მოახდინონ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მობილიზება და ზემოქმედება ამომრჩევლებზე. ეს არის ძალიან სახიფათო, როგორც უშუალოდ არჩევნების თარიღის დღისათვის, ისე ზოგადად მშვიდობიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით”
ამირან გიგუაშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ მსგავსი ფაქტების პრევენციისა და აღკვეთისათვის.
ასევე მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, რომ არ დაუშვან პოლიტიკურ პროცესებში ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირების ჩართულობა და მისცენ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალება.
“მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება და ოპერატიულობა გამოიჩინონ ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, დროულად იქნეს გამოძიებული პოლიტიკურ პროცესებთან და პოლიტიკოსებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტები. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირების რესურსით, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს. ეს არის განვლილი ეტაპი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და პარტია, რომელიც ამ გზით აპირებს არჩევნებში თუნდაც ერთი დამატებითი ხმის მოპოვებას, არ იმსახურებს არც ერთ ხმას ამომრჩევლის მხრიდან”-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






