საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას არჩევებში აქტიური მონაწილეობისაკენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„ხვალ საქართველოს ისტორია მოუხმობს თითოეულ ქართველს საარჩევნო ყუთებთან, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ქართული სახელმწიფო არ მდგარა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. 2012 წელს ხალხმა მისცა ხმა უკეთეს ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ჩვენ 2012 წელს ბევრად უკეთესად ვიყავით ვიდრე ბნელ 90-იანებში, მაგრამ ადამიანს ყოველთვის უნდა წინსვლა და გაუმჯობესება, ამიტომ მაშინდელი არჩევანი იყო ლოგიკური და გასაგები.
2016 წელს კითხვაზე ვცხოვრობთ თუ არა უკეთესად ვიდრე 2012-ში, ერთმნიშვნელოვნად პასუხი არის უარყოფითი. მაგრამ მარტო ცხოვრების დონეზე არ არის საუბარი, ის რასაც ჩვენ ხვალ ვირჩევთ. ხვალ წყდება საკითხი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობაც დადგება ეჭვქვეშ და საქარათველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან. ისე როგორც ივანიშვილი დაგვპირდა და საქართველო გამოაცხადა პატარა სოფლად და იწინასწარმეტყველა, რომ ის საერთაშორისო რადარებიდან გაქრებოდა და დავიდ კოფერფილდივით მართლაც გააქრო საერთაშორისო რადარებიდან. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ჩვენ ვხედავთ, როგორ იშლება ჩვენი ფინანსური სისტემა, როგორ გაიქცა ლარი. ღმერთმა არ ქნას, რომ ესენი თუნდაც რამდენიმე თვე კიდევ გაჩერდნენ, მაშინ ჩვენი ეროვნული ვალუტა საერთოდ ჩამოიშლება და ამას მოჰყვება ძალიან ბევრი ნეგატიური გარემოებები. ამიტომ ხვალ ჩვეულებრივ არჩევანს არ ვაკეთებთ, ვაკეთებთ არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის, საქართველოს არსებობასა და გაქრობას შორის, სახელმწიფოებრიობასა და ჩამოშლას შორის. ამიტომ მე, როგორც არასდროს, ჩემო თანამემამულენო, მაქვს თქვენი იმედი. მთელი ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი არჩევნებს გააყალბებს, არის სისულელე. ივანიშვილს არაფერი არ გამოუვიდა, არც 40 მილიონიანი ფილმით ხალხის დაბოლება, სადაც ათასგვარი ტყუილები იყო, არც კომპრომატებით ხალხის დაზაფვრა, არც მუქარებით გამოუვიდა არაფერი და არც მის ფოჩიან კანფეტებს ართმევს არავინ. ის რეალურად მთლიანად გაკოტრებულია, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, ჩვენი დამკვირვებლებიც არიან ძალიან კარგად მომზადებული და ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, როგორ არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება და დავიცვათ თითოეული ხმა. ამ მხრივ მე მშვიდად ვარ და მაქვს თქვენნი აქტიურობის და ერთად დგომის იმედი. ხვალ საქართველო იტყვის, რომ ის იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის სათამაშო. ხვალ საქართველო იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ანალიზის უნარი და მშვენივრად ვხვდებით, სად არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი და ინტერესები. ხვალ საქართველო იტყვის, რომ მას აღარ უნდა უნიათო მთავრობა, რომელიც მუდმივად გვექაჩება წარსულში და მუდმივად ერთ ადგილს ტკეპნის, ჩვენ გვინდა ხალხი, ვინც შეძლებს საქართველოს სამშვიდობოზე გამოყვანას. ხვალ საქართველო მომავლის ხედვით იწყებს ცხოვრებას, ხვალ იმარჯვებს სინათლე სიბნელეზე, მომავალი წარსულზე, ხვალ იმარჯვებს სიმართლე, ვინაიდან ტყუილმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ, ხვალ სიმართლე გაიმარჯვებს საბოლოოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ბრწყინვალე ქალაქს შავ ზღვაზე, შევუქმნით თითოეულ ქართულ ოჯახს განათლების მიღების და ღირსეული სამუშაო ადგილის ქონის უფრო მაღალ პერსპექტივებს, ჩვენ შევუქმნით ყველა ასაკის ადამიანს დაცულობის და სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ყოველდღიურ გარანტიებს, ვის შეუძლია ამის გაკეთება თუ არა იმ გუნდს, რომელმაც მიიღო უზარმაზარი გამოცდილება, როგორც მიღწევების, ასევე შეცდომების, ნაციონალური მოძრაობა გადახალისდა და დიდი რაოდენობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდა მოვიდა, ახლებური ხედვით და საქართველოს დიდი სიყვარულით. მე ვფიქრობ ამ რთულ პერიოდში, ღირს კიდევ ერთხელ ვანდოთ ამ თითქმის მთლიანად განახლებულ და რაც მთავარია ახალი იდეებით მოსულ გუნდს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით წარსულში ბევრ რაღაცაში, მაგრამ ხვალ ჩვენი გაერთიანების დღეა. უნდა იცოდეს სახელმწიფო აპარატის თითოეულმა წარმომადგენელმა, რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ. ძალიან ვამაყობ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებით და თუ საქართველომ ბოლო 4 წელში გაძლო ეს არის მათი დამსახურება. მე მინდა მივმართო ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და პოლიციელებს, მე ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ უნდა გააგრძელოთ ქართული სახელმწიფოს სამსახური და ქართველი ხალხის გვერდში დგომა. მე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, თქვენც ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენი ამოცანა არაა წარსულში გახედვა და ვიღაცის დევნა. ჩვენი პასუხი თქვენზე, იქნება სწრაფი განვითარება და სწრაფი აღმშენებლობა, ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ჩვენ მთელ ძალას და ენერგიას ამ გეგმების განხორციელებას მოვახმართ.
მეგობრებო, მე მაქვს თქვენი იმედი ხვალ და მე მინდა რომ თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი. მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






