მაია ბითაძემ ოფიციალურ დელეგაციებს ინფორმაცია მიაწოდა ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მიმდინარეობისას ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
ფორუმის მონაწილეებს ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მანანა ბაღაშვილმა მიმართა.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უკრაინისა და შვედეთის მარეგულირებელ ორგანოებთან. შეხვედრაზე ბირთვული უსაფრთხოების კუთხით შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებზე, არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან ბირთვული და რადიოაქტიური მასალით უკანონო ვაჭრობის საფრთხეებსა და საერთაშორისო ტერორიზმზე ისაუბრეს, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს და საქართველოს გაწევრიანებაზე ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფში, რომლის წევრია მსოფლიოს 41 სახელმწიფო და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიცაა ინტერპოლი და გაერო.
ფორუმი სახელწოდებით „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ შვედეთის მთავრობის ორგანიზებითა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






