ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებას:
"საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის დროს ავტომობილში გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, ორივე მათგანი გადარჩა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მძლავრი აფეთქების გამო დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






