"რამდენიმე დღეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს და გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას.
არჩევნები ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი.
სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიმშვიდისკენ და შეახსნებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დააკვირდება- 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანი და სტაბილური საარჩვენო პროცესის უზრუნველყოფას. საქართველოში უკვე იმყოფებიან ეუთო-ს წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიესალმება და მადლობას უხდის მათ ამ ჩართულობისთვის. ქვეყნის პირველი პირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მათ მოსაზრებებს საარჩევნო გარემოსთან და მთლიანად პროცესთან დაკავშირებით.
განვაგრძობ საარჩევნო თემატიკას და მოგახსენებთ, რომ დასასრულს მიუახლოვდა საპრეზიდენტო კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა გააქტიურების მიზნით მიმდინარეობს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ, რომელთაც სხვადასხვა რეგიონში, უნივერსიტეტებში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი და ახალგაზრდებს, არჩევნებში მათი მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
გუშინ ბათუმში, პროექტის ერთერთი ღონისძიების გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აქვე გვინდა, პროექტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადოთ. მადლობა, არასამთავრობო ორგანიზაციებს - „ევროპულ-ქართულ ინსტიტუტსა“ და „დემოკრატიის ლაბორატორიას“, ასევე სადისკუსიო კლუბს, ბ-ნ გია ხუხაშვილს კლუბის კოორდინირებისათვის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ორგანიზებისათვის, მადლობა ასევე სხვა უნივერსიტეტებს სადისკუსიო კლუბში მონაწილეობისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებელი გახადა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ვიმედოვნებთ, რომ კამპანია წარმატებული აღმოჩნდება და 8 ოქტომბერს არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა და საკუთარ არჩევანს გააკეთებს.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 2 ოქტომბერს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამრთლოში საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. იმედი გვაქვს, რომ ახალი მოსამართლეების პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი კიდევ უფრო განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაში"- განაცხადა პრეზიდენტის პრეს სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






